მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ეკონომიკური მოვლენები - ირაკლი მაკალათიას მიმოხილვა

5ff0c893c7da2
ირაკლი მაკალათია
03.01.21 14:00
1261
2020 წელი დატვირთული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენებით. ეკონომიკურ პროცესებს, ძირითადად, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები განსაზღვრავდა. 2020, ასევე, იყო საპარლამენტო არჩევნების წელი, რის გამოც პოლიტიკურად განსაკუთრებულად აქტიური და დაძაბული გამოდგა, რაც შეეხება გამორჩეულ მოვლენებს, 2020 წელი ზამთრის კურორტებზე უწყლობით დაიწყო, მთელი წელი აქტუალობას არ კარგავდა ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილი ამბები, რისი პირველი გამოხატულებაც იყო დასავლეთის წერილები და გაფრთხილებები, რომ თუ დემოკრატიული პროცესები არ გაგრძელდებოდა ქვეყანაში აშშ საქართველოს ფულად დახმარებებს შეუმცირებდა. აქტუალური საკითხი გახლდათ საქართველოსა და Frontera-ს შორის დავა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს მხარემ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგო. 2020 წელი ჯანდაცვის სფეროში ხმაურით დაიწყო, როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 561 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. შემდეგ კი იყო 520-ე დადგენილებით გამოწვეული პრობლემები და კლინიკების მიმართვები პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრთან; ძირითადი მოვლენები კი მაინც კორონა ვირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა და იმ ზარალის განხილვას, რაც ბიზნეს სექტორმა გადაიტანა. მთავრობამ დახმარებების პაკეტი ორი მიმართულებით წარადგინა, ეს იყო სოციალური დახმარებები და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები. ძირითად ეკონომიკურ პროგრამებსა და დახმარებებს კი სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ახორციელდებდა. პანდემიის პერიოდში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეჩერების მოთხოვნაც დადგა დღის წესრიგში. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით მძიმე ეკონომიკურ პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემა კვლავ აგრძელებს მუშაობას. პანდემიის პერიოდში მთავრობამ საქართველოს პოსტკრიზისულ გეგმაზე უცხოელი ეკონომისტები მოიწვია სამუშაოდ. პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ ქართველი ექსპერტები. მთელი წელი აქტუალური იყო ლარის კურსი და ამ ფონზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები, რომელთა მიმოხილვაც ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ კვირეულად ხდებოდა. 2020 წლის ივლისში კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, თუ რატომ გაძვირდა პური 2018 წლის დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ასოციაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდებოდა, 2020 წლის ბოლოს პურზე ფასი მაინც გაიზარდა, რაც მთელი რიგი ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული.

ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური კრიზისიც დაემატა, როცა ნოემბრის არჩევნები გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაყალბებულად და არალეგიტიმურად გამოაცხადა. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდმა ნაწილმა არჩევნების გაყალბების მოტივით უარი განაცხადა მანდატებზე და პარლამენტში არ შევიდნენ. შედეგად 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის განახლებული და ,,განახევრებული’’ პარლამენტის პირველ სხდომა ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" 88 დეპუტატი დაესწრო. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სამთავრობო შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, რომელიც 4 წლიან პერიოდზეა გაწერილი. 47 გვერდიანი პროგრამის სახელია "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". თუ როგორ ეფექტიანად განახორციელებს პრაქტიკაში აღნიშნულ პროგრამას მთავრობა, ამას მომდევნო წლები გვიჩვენებს.

გთავაზობთ 2020 წლის მნიშვნელოვან TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები
2. ლარის კურსი და ეროვნული ბანკის ინტერვენციები
3. საქართველოს ტურიზმის სექტორი 2020 წელს
4. როგორი იყო 2020 წელი საბანკო სფეროსთვის და რა შედეგები ჰქონდა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას სამშენებლო სექტორზე
5. მთავრობის პოზიცია ანაკლიის პორტზე და პროექტის პერსპექტივები
6. საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის გამოწვევები და პერსპექტივები
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები
8. პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’ შეფასება და პრივატიზების შედეგები
9. ინდექსები და საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები
10. 520-ე დადგენილების შედეგები და ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები

1. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები

2020 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები ძირითადად უკავშირდება covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შეზღუდვებს და მისგან მიღებულ ეკონომიკურ რეცესიას. შედეგად, მთავრობა ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად წარადგენდა სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებს. გაზაფხულზე, პირველ ეტაპზე მთავრობამ დააანონსა, რომ ის გამოიყენებდა მათ ხელთ არსებულ ყველა მონეტარულ და ფისკალურ ინსტრუმენტს. ამასთან შექმნა სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge, სადაც ქვეყნდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ინფორმაციები და რეკომენდაციები. ამავე, ბაზაზე შეიქმნა StopCov ფონდი, სადაც სულ ჩარიცხულია 138 351 872 ლარი, აქედან 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა და ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების დარიგებას. 24 აპრილს მთავრობამ 3,5 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც უფრო სოციალური დახმარების პროგრამა იყო, ვიდრე ეკონომიკური შინაარსის მქონე დოკუმენტი. ის ითვალისწინებდა: 3 თვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას; 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების ფასის ზრდის დაზღვევას; საბანკო სესხების 3 თვით გადავადებას; ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებისთვის 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების 1 ნოემბრამდე გადავადებას; მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის ხარჯის 80%-იანი სუბსიდირებას; ავტოიმპორტიორებისათვის შეღავათების მიცემას. ამასთან, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, რომელიც შეეხო როგორც ბიზნეს საქმიანობებს, ისე საქალაქო და საქალაქთაშორისო გადაადგილებებს. პირველმა „ლოქდაუნმა“ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია. მეორე კვარტალში ეკონომიკა 13,2%-ით შემცირდა, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა სამსახური დაკარგა. უმუშევრობის კომპენსაცია მთავრობამ ორი მიმართულებით წარმართა, ეს იყო დაქირავებით დასაქმებულთა 200 ლარიანი კომპენსაციები და თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარებები, რომლებიც ორ ეტაპად გაიცა, პირველი ლოქდაუნის და შემოდგომაზე გამოცხადებული შეზღუდვების პერიოდში. BM.Ge-ს მიერ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით 1 დეკემბრისთვის, სულ 248 817 პირს დაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 74 645 000 ლარი. რაც შეეხება 200 ლარიანი უმუშევრობის კომპენსაციის ბენეფიციარებს. 200-ლარიანი დახმარება სულ 162 220 ადამიანმა მიიღო, ჯამში კი, 129 324 100 ლარი ჩაერიცხათ. დარიცხვების რაოდენობის მიხედვით აღსანიშნავია, რომ 70 130 მოქალაქეს 6-ჯერ ჩაერიცხა კომპენსაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა არათუ დროებით, არამედ დიდი ხნით დაკარგეს სამუშაო ადგილი.
აღსანიშნავი იყო, რომ პლენარულ სხდომაზე 79 დეპუტატის მხარდაჭრით საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება მიიღო, რის საფუძველზეც მთავრობა დღემდე მისი გადაწყვეტილებისამებრ აწესებს შეზღუდვებს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 9 ნოემბრიდან შეზღუდვების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს უწოდებს, თუმცა შედეგი, გაჩერებული ეკონომიკა გახლდათ. დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობამ სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის 1,1 მილიარდ ლარიანი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს: კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას; უმუშევრობის კომპენსაციებს; 100 ათას სოციალური ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახებისთვის სოციალურ დახმარებას; საბანკო სესხების გადავადებას; საშემოსავლო გადასახადის შეღავათს; ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის; სასტუმროებისა და რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას; შეღავათების მიცემა კომპანიებისათვის, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობა შეეზღუდათ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარადგინა, რომლის თანახმად, კერძო სექტორისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხების გარანტირება უნდა მომხდარიყო. თუმცა ბიუჯეტის ათვისება ვერ მოხდა. პროგრამის მიხედვით, რომელიც განახორციელა ,,აწარმოე საქართველოში’’-მ, სულ 108 მილიონი ლარის სესხები არის დამტკიცებული.
2021 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იქნება. როგორ შეძლებს ბიზნესი წელს ფინანსურად გადარჩენას, რამდენად შეძლებს მომდევნო პერიოდში ბიზნეს აქტივობის გაგრძელებას, რამდენად ექნებათ ახალ კომპანიებს ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა. ამ ყველაფერს განსაზღვრავს მთავრობის ხედვები და ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ის წელს გაატარებს.

2. ლარის კურსი და ეროვნული ბანკის ინტერვენციები

2020 წელს აქტუალური და ამავე დროს პრობლემატური საკითხი იყო გაუფასურებული ლარის კურსი. ეროვნული ბანკის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8661 ლარს შეადგენდა, წლის ბოლოს, კი 3.2795ლარამდე გაუფასურდა. ლარის დოლართან გაუფასურების მკვეთრი ზრდა პანდემიის პერიოდში დაიწყო. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა ზაფხულის პერიოდში, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო თითქმის გაჩერებული ეკონომიკა, შემცირებული სავაჭრო ურთიერთობები, რამაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კი, ლარმა კვლავ განაგრძო გაუფასურება.

ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა ინტერვენციებით ლარის კურსის დასტაბილურებას, თუმცა - უშედეგოდ. ეროვნულმა ბანკმა პირველი ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მას შემდეგ 30 დეკემბრის ჩათვლით, სულ 26 სავალუტო ინტერვენციის შედეგად 873 222 000 აშშ დოლარი გაყიდა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, 9 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა.

ერთი შეხედვით ალოგიკურია, როცა ამ მოცულობის დოლარს ყიდის ეროვნული ბანკი, მაგრამ ლარის კურსი მაინც არ მყარდება. რეალურად კი, მიზეზი მარტივია. კურსს განსაზღვრავს ლარის და დოლარის მასის თანაფარდობა, ის რომ ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის ბაზარზე ამით ზრდის დოლარის მასას, თუმცა მეორე მხრივ, რაც ნაკლებად საჯაროვდება და არ კეთდება აქცენტი, პარალელურად ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ზრდის ლარის მასას, მიმდინარე პერიოდში ლარის მასამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. აქედან გამომდინარე თუ ლარის მასის ზრდა არ დაარეგულირა ეროვნულმა ბანკმა, მაშინ რეზერვების გამოტანა და დოლარის გაყიდვა ეფექტის მომტანი არ იქნება. ეროვნული ბანკის პოლიტიკა შემდეგია, ლარის მასას სარეკორდოდ ზრდის, უფრო მეტად ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, სამაგიეროდ მის მიერვე დარღვეული სავალუტო ბალანსის აღდგენას, დოლარის რეზერვების გაყიდვითა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ცდილობს, რეფინანსირების ზრდით ცდილობს შეამციროს ლარზე მოთხოვნა და ამით მოსახლეობას უძვირებს რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებს.

3. საქართველოს ტურიზმის სექტორი 2020 წელს

პანდემიის შედეგად შეზღუდვების შემოღებამ მთლიანად მსოფლიოში და ცხადია, საქართველოში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.84 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $516 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია. ამასთან, წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და "ლოქდაუნი" გამოცხადდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში ტურიზმის სექტორის შემოსავლების 2019 წელს არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას, როცა ქვეყანამ 3.3 მლრდ დოლარი მიიღო, 2024 წელს შეძლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმის ალტერნატივად წარმოდგენილ შიდა ტურიზმს, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შიდა ტურიზმი ვერ შეძლებდა მიღებული ზარალის დაკომპენსირებას. არსებულმა მდგომარეობამ ნეგატიური გავლენა იქონია სასტუმროების ბიზნესზეც. ამ მხრივ, სასტუმრო ინდუსტრიისთვის გარკვეულ მაშველ რგოლს წარმოადგენდა სესხის პროცენტის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა, რომლის ბიუჯეტად გასულ წელს 70 მლნ ლარი განისაზღვრა და 2000-მდე სესხი დაფინანსდა. გასული წლის ბოლოსთვის დაფინანსებული ბენეფიციარების სესხებისთვის 46,477,445 ლარია გადარიცხული, თუმცა ხშირი იყო სექტორის წარმომადგენლების კრიტიკა მოცვის მასშტაბზე.

ავიაცია რომ ტურიზმის ის მთავარი რგოლია, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, ახალი არაა და მაშინ როდესაც მთავრობამ covid-19-ის გამო დაზარალებული არაერთი სექტორი დაასუბსიდირა, არაა გამორიცხული ავიაციის შემთხვევაშიც ეს გზა აირჩიოს, მაგრამ ეს უფრო მომავლის თემაა.

2020 წლის 29 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ ჯერ ჩინეთთან და ირანთან აკრძალა, ფრენები, მარტიდან კი, მთლიანად რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გაჩერდა. საქართველოში არსებული ბაზა დახურა “ვიზეარმა”, აეროპორტებში კი, კრიზისი დაიწყო. არსებული მდგომარეობით, რეგულარული ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. რაც შეეხება “ვიზეარის” ბაზის აღდგენას, ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს.

ზაფხულის პერიოდში დაბალი ეპიდემილოგიური შემთხვევების შედეგად საქართველომ ე.წ. მწვანე ქვეყნის სტატუსი მიიღო, იგეგმებოდა კიდეც ამ სტატუსის კომერციალიზაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. ვერც მწვანე ქვეყნის სტატუსი გამოვიყენეთ და შემოდგომის პერიოდში ეპიდემიოლოგიური აფეთქებაც მივიღეთ. აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება სამთავრობო პროგრამა ,,იმუშავე საქართველოდან.’’ სადაც 600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. დაანონსდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი - „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“. პროექტში მონაწილეობის მსურველ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს საიმიჯო ფოტოების გადაღებასა და ინტერიერის დიზაინის მოწყობაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

ტურიზმის მიმართულებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, საქართველოში 16 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა, რომელიც UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ინიციატივით განხორციელდა და ღონისძიებაც მასშტაბური იყო.

4. როგორი იყო გასული წელი საბანკო სფეროსთვის და რა შედეგები ჰქონდა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას სამშენებლო სექტორზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში ქართული კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში 1.5 მილიონ ლარიანი ზარალი ჰქონდა, რისი გამომწვევი მიზეზიც ბანკების მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირება იყო. პანდემიის პერიოდშიც კომერციული ბანკების ზარალს სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავდა. რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობის სტატისტიკა, 2020 წლის 11 თვეში ბანკებმა საპროცენტო შემოსავლების სახით 4.4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული, ხოლო არასაპროცენტო შემოსავლები 819 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.

მთავრობამ სამშენებლო სექტორის დასახმარებლად იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირება გადაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ სადაო თემად იქცა, ერთის მხრივ სექტორი დახმარებას საჭიროებდა და აღნიშნულმა პროგრამამ ბინების გაყიდვების ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია, თუმცა კრიტიკას იწვევდა მეორეს მხრივ ის, რომ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები ძირითადად მაღალშემოსავლიანი ადამიანები გახდებოდნენ და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოაკლდებოდა დაბალ შემოსავლიან ადამიანებს და შესაბამისად სხვა სექტორებსაც. ჯამში, ზაფხულიდან ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდა, 6.4 ათასამდე სესხის თანადაფინანსება მოხდა. “თიბისი კაპიტალის” შეფასებით, 6 ივლისი - 26 დეკემბრის პერიოდში გაცემული იპოთეკების 37.6% სწორედ სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობს; წლის ბოლოს დეველოპერული სექტორი პროგრამის კიდევ, მინიმუმ 6 თვით გაგრძელებას ითხოვდა, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, აღნიშნული პროექტი 2021 წელს აღარ გაგრძელდება. ჯამში, იპოთეკური სესხების სუბსიდირების ბიუჯეტი 70 მლნ ლარი იყო. 

5. მთავრობის პოზიცია ანაკლიის პორტზე და პროექტის პერსპექტივები

მთელი წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდა ანაკლიის პორტის პროექტი და ხშირად ხვდებოდა კიდეც მიმდინარე ტოპ ეკონომიკურ თემებში. ანაკლიის პორტის პროექტი დიდი ხანია უკვე ეკონომიკურ თემატიკას ჩამოშორდა და მხოლოდ პოლიტიკური სახე მიიღო. პორტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული პროექტი იქნებოდა, მისი მშენებლობის კვლავ ჩიხშია შესული.
წლის განმავლობაში კი მხარეების მიერ ბევრი განცხადება და პოზიცია მოვისმინეთ. წლის დასაწყისში EBRD-მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ტენდერის გამართვის პროცესში სახელმწიფოს დაეხმარება, ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და მომზადებაში თავიდანვე მიიღოს მონაწილეობა. ყურადსაღები იყო კონგრესის წევრების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის მისამართით გამოგზავნილი წერილი, სადაც ერთ-ერთ საკითხად შეშფოთებას გამოთქვამდნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზებასა და მისი შეჩერებაზე. წერილს ხელს აწერდნენ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდინ კონოლი და მაიკლ მაკკოლი. წლის დასაწყისში ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა ბიზნესმენ თეიმურაზ ქარჩავას ინტერესი, რომელიც მზაობას გამოთქვამდა ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის მისაღები პირობები. ანაკლიის საკითხი ივნისში კვლავ გააქტიურდა, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის კვლავ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და კვლავ განაახლებენ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება მომდევნო წლის პერსპექტივებს, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს, ხოლო 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. საბოლოოდ კი მთავრობას აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ერთის მხრივ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სიტყვიერად მზაობას გამოთქვამენ პროექტის შესრულებაზე, თუმცა განვლილი პერიოდი გვაჩვენებს, რომ პროცედურულად ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ საწყის წერტილზე დგას.

6. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველოს პარლამენტმა წლის ბოლოს 2021 წლის სახელმწიფო მიიღო. აქამდე სამი ვერსია იყო განხილული და მმართველი პარტია პარლამენტში ოპოზიციის შესვლას და ბიუჯეტის განხილვას ითხოვდა, თუმცა ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე მიიღეს. 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 4.3% იქნება. ის ფაქტი, რომ 2020 წელს 5%-ზე მაღალი კლება დაფიქსირდება, ნიშნავს, რომ 2021 წელს 2019 წლის დონეზეც ვერ ავალთ. ეროვნული ბანკის პროგნოზით 2021წელს საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება, Galt & Taggart-ის პროგნოზით იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი 50%-ით აღდგება 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, სხვა შემთხვევაში მაქსიმუმ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2021 წლის ბიუჯეტით მიხედვით, შემოსავლები იზრდება 11,2 მლრდ ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შემოსავლების ნაწილში ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურად არის გაწერილი. ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაა. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ მძიმე ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით რაც ბიზნესს უდგას, რამდენად შეძლებს მომდევნო წელს საგადასახადო შემოსავლების ზრდას რთული სათქმელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მიმდინარე პერიოდში გაჩერებული ბიზნესის გამო, პერიოდულად გვქონდა საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან საგადასახადო შემოსავლების კლება. ბიუჯეტის 2021 პროექტის მიხედვით 12,8 მლრდ ლარამდე იზრდება მთლიანი ხარჯები. ხარჯების ნაწილში საკამათო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხარჯების და სამთავრობო სექტორში ხელფასების ზრდა. სოციალურ ნაწილში იზრდება პენსიები. 2021 წლიდან საბაზისო ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 240 ლარს მიაღწევს, 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა პენსია კი 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება.

2021 წელს ცვლილებებია დაანონსებული სამინისტროებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. კულტურის სამინისტრო იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება.

2020 წელს მიმდინარე პანდემიის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა, ხოლო 2021 წლის დეფიციტი 7.6%-ის ფარგლებში განისაზღვრება.
პრობლემურ საკითხად რჩება საგარეო ვალის თემა, რომელიც მშპ-თან მიმართებით 60%-იან კრიტიკულ ზღვარზე დგას. თუმცა აქ ერთი გამოსავალი მოიძებნა, კერძოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გადაწყვეტილებით - ,,საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში “დაკარგული ანაბრები” სახელმწიფო ვალის სტატუსით აღარ განიხილება.’’ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით დაკარგული ანაბრები შიდა ვალის ნაწილს შეადგენს და მას "ისტორიული ვალი ეწოდება".

დაუზუსტებელი მონაცემებით, აღნიშნული ვალი 672 მილიონ ლარს შეადგენს. ცხადია ვალის ამ მოცულობით ამოღება შეამცირებს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობას. შესაბამისად, თუ აქამდე IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60.2% იქნებოდა, განახლებული მაჩვენებლით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 59.1% იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტის ათვისებაც შეაფასა და აღნიშნავს, რომ სოციალური დახმარებების ათვისება დაგეგმილზე მეტია, ხოლო ეკონომიკური დახმარების პაკეტის ათვისება დაგეგმილზე ნაკლები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი საგადასახადო შეღავათები აღარ გამოცხადდება, ხოლო ძველი შეღავათები მათი ეფექტიანობის შესაბამისად გადაიხედება.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები

2020 წლის ივლისში მომზადდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა. აღნიშნულ კანონპროექტს მხოლოდ 10 დღის განმავლობაში განიხილავდნენ. ,,კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი, საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ უსაზღვროდ გაიფართოვა უფლებამოსილებები და შესაძლო სადამსჯელო ორგანოს ფუნქციაც კი იტვირთოს. კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელი, გია ჯოხთაბერიძე მოითხოვდა კანონში განესაზღვრათ დროებით მმართველი დანიშვნის ვადები, მისი ინიციატივით ეს უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 1 წლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხედ ასახელებდა დროებითი მმართველის სამომავლო გადაწყვეტილებებს.

შედეგად დადგა ის ფაქტი, რისი საფრთხეც კანონის მიღებისთანავე ცხადი და მოსალოდნელი იყო. ,,კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსისთვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. Neqsol Holding-ი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. "კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება. ეროვნულმა კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი და EastWest Institute-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქემერონ მიუნტერი, რომელმაც Newsweek-ზე თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა რუსული გავლენების საფრთხეებს და Caucasus Online-ისა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ქვეყანას EU-სთან დააახლოვებდა.

8. პროგრამის ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’ შეფასება და პრივატიზების შედეგები

2020 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფომ 124 მლნ ლარის მობილიზება შეძლო. პანდემიის პერიოდში აღნიშნულ მაჩვენებელს მთავრობის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. 2019 წლიდან დაიწყო პროექტი „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სადაც მთავრობას საპრივატიზაციოდ აქვს გამოტანილი სახელმწიფო ობიექტები. 100-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს თემა მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური თემატიკისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოს ბალანსიდან გადავა კერძო სექტორში. მაშინ როცა სახელმწიფო ბალანსზე ის არ არის ეკონომიკურად აქტიური, ვერ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, კერძო სექტორში გადასვლა ნიშნავს, რომ ეს ობიექტები ეკონომიკაში ერთვებიან, ქმნიან ახალ საქონელსა თუ მომსახურებას, ასაქმებენ ადამიანებს და ზრდიან ეკონომიკას. თუმცა ის საპრივატიზაციო ნუსხა რაც მთავრობამ გამოიტანა ზღვაში წვეთია სახელმწიფოს საერთო ქონებასთან, რომელთა სულად ათვისების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებიც გაიზრდება და მოსახლეობის ცხოვრების დონეც. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა კერძო საკუთრებაზე დგას, მაშინ როცა საპირისპირო სურათია საქართველოში და ეკონომიკური აქტივების 70-80% ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. რომელიც არ არის ჩართული ეკონომიკაში, არ აწარმოებს პროდუქციას, არ ასაქმებს ადამიანებს, არ ზრდის ეკონომიკას და კორუფციის წყაროდ არის გადაქცეული.

9. ინდექსები და საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები

დადებითი ფაქტორები იყო მთელ რიგ საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებში საქართველოს დაწინაურება და ლიდერობა. თუმცა ერთია საერთაშორისო რეიტინგები ფურცელზე, ხოლო მეორე მოსახლეობის რეალური ცხოვრების დონე. საერთაშორისო რეიტინგებში კი, საქართველოს შედეგები შემდეგი იყო:

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილს იკავებს. საქართველოს შედეგი მცირედით, 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. თუმცა, Trace International-ის ბიზნესის კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე იმყოფება. 2018 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია უცლელია და რეიტინგით უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყნიდან 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე ათეულში მოხვდა მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. ტრანსეროვნული ორგანიზაციის SolAbility-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსში (GSC index 2020) საქართველომ 180 ქვეყნიდან 37-ე ადგილი დაიკავა, ხოლო Trace International-ის მიერ გამოთვლილ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის რეიტინგში 28-ე ადგილი.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“-ს 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 77.1 ქულა აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელია და „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში იმყოფება. Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ 8.18 ქულით 162 ქვეყანას შორის მე-8 პოზიცია დაიკავა და 2019 წელთან შედარებით პოზიცია 1 საფეხურით გაიუმჯობესა. საქართველო ამ მაჩვენებლით ეკონომიკური თავისუფლებით უმაღლეს საფეხურის ქვეყნებს შორისა მოხვდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, საქართველოს 76 ქულა აქვს და ის წინა წელთან შედარებით ერთი ქულით არის გაზრდილი. ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის მიხედვით „SME Policy Index - 2020“-ში საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა. 2020 წელს საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 167 ქვეყნიან რეიტინგში, 53-ე ადგილი დაიკავა.

მნიშვნელოვანი იყო Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გამოქვეყნება, სადაც ის უცვლელად - „BB“ დონეზე დატოვა. ასევე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა.

10. 520-ე დადგენილების შედეგები და ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები

მართალია, ხმაურიანი 520-ე დადგენილება ძალაში 2019 წლის 21 ნოემბერს შევიდა, მაგრამ 2020 წლის მოვლენების ათეულში იმ ნიშნით შევიყვანეთ, რომ პანდემიის მიუხედავად აქტუალობა არ დაუკარგავს და რეალურად, ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხს წერტილი 2020 წლის ბოლოსთვის დაუსვა. როგორც ცნობილია, 520-ე დადგენილება, რითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა და თან შემცირდა, კლინიკებისთვის მიუღებელი იყო. მაგალითად, ამ დადგენილებით, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, სამინისტრომ შეაფასა 12,000-დან 17,000 ლარამდე, რასაც კლინიკების პროტესტი მოჰყვა. ისინი ირწუნებოდნენ, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ. კლინიკების მხრიდან მთელი წელი პერიოდულად ისმოდა ჯანდაცვის უწყების კრიტიკა.

სწორედ 2020 წლის ბოლოსთვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო 2.6 მლნ ლარის ღირებულების 224 კერდიოვერტერ-დეფიბრილატორს თავად შეისყიდის და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცემს. 2020 წლის შეჯამებისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 520-ე დადგენილებამ განაპირობა პაციენტების ჯიბიდან გადახდებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი განსხვავებული არც იმ კუთხით იყო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს წლის დასაწყისში გამოყოფილი თანხა - 802 მლნ ლარი ისევ არ ეყო და ბიუჯეტიდან ათობით მილიონი დაუმატეს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ არასწორ დაგეგმას ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის დარგის მძიმე მდგომარეობასა და მის განუვითარებლობაზე მიანიშნებს. ჯანდაცვის მინისტრი კი, თავის მხრივ, თავს იმით იწონებს, რომ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შეძლო და საყოველთაო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ყოველთვიური ბიუჯეტი 72 მლნ ლარიდან 59 მლნ ლარამდე შეამცირა.