მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის I ნახევარში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 43%-ით შემცირდა

5f213bb239351
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.20 13:42
1195
2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტის სახით 134.2 მილიონი კოლოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 100 მილიონი კილოვატ საათით ანუ 42.7%-ით ნაკლებია. ელექტროენერგიის ექსპორტის ღირებულებამ $3.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $3.3 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

ექსპორტის კლების პარალელურად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტირებული ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. ჯამურად, იმპორტმა 787.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 26.53%-ით მეტია. თანხობრივად, ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება $30.9 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით არის გაზრდილი. 

იმპორტის ზრდა ადგილობრივი გამომუშავების შემცირებას უკავშირდება. 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 4.36 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება კი 1.26 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც წლიურად 10.7%-ით არის შემცირებული.

2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობამ, ჯამურად, 6.4 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების კლება პანდემიის ფონზე შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, რის გამოც როგორც უმსხვილესი ბიზნესები, ასევე, ქვეყნის მოქალაქეები შემცირებული მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ.