06.თებერვალი .2020 23:00

2020 წლის იანვრის TOP-10 ბიზნეს მოვლენა

views 2270
უკან

გთავაზობთ, 2020 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს ამბავს:

1. საბანკო რეგულაციის გავლენა ბიზნესზე

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში ჭარბვალიანობის შემცირების მიზნით დაწესდა 4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განისაზღვრა სხვადასხვა ფინანსური ჭერი, ბანკებს შეეზღუდათ მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა. საბანკო რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე, განვადების სესხების შემცირებამ შეამცირა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. რეალიზაცია შემცირდა სამშენებლო სექტორში და ჯაჭვურად დააზარალა ის ბიზნესები, რაც დაკავშირებული იყო მშენებლობასთან:

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, 2019 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 50%-ით შეუმცირდათ, ხოლო წლის მეორე ნახევარში 25%-ით. რაც შეეხება, "ტექნო ბუმის’’ სამომავლო გეგმებს, რეგულაციებისა და კურსის გაუფასურების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ინარჩუნებენ ფასებს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე იგეგმება ონლაინ გაყიდვებით შესვლა.

„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი მთავრობას ბიზნესთან დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ როცა ახალი კანონის შემოღებას აპირებენ, ჯერ კონსულტაციები უნდა გაიარონ კერძო სექტორთან და ბიზნესთან საუბრის შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მელექის შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია ძალიან ცუდად აისახა სამშენებლო, ავეჯის და საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიებზე.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" დასაქმებულების განცხადებით, გაყიდვები 80%-ით შეუმცირდათ, რისი მიზეზიც განვადებების შემცირებაა. გაყიდვების შემცირების გამო მოვაჭრეების ნაწილმა ვაჭრობას თავი დაანება, დარჩენილი მოვაჭრეების უმეტესობა კი აცხადებს, რომ ისინი კოტრდებიან.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/36W4n5J
https://bit.ly/2OsJzwd
https://bit.ly/2u8jn3e

2. ზამთრის კურორტების პრობლემები

2020 წლის იანვრის პირველ კვირას ზამთრის კურორტი ბაკურიანი წყლის დეფიციტით შეხვდა. რის გამოც ტურისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კურორტი დატოვა, ნაწილმა კი სასტუმროებში ჯავშანი გააუქმა, რაც ფინანსური ზარალია მთლიანად ტურისტული სფეროსთვის და განსაკუთრებით აქ მომუშავე ადამიანებისათვის. აღნიშნული პრობლემა კურორტს 2018 წლის იანვრის ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ პერიოდშიც ჰქონდა, როცა რამდენიმე დღე ბაკურიანს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.

სასტუმრო „მგზავრების“ დამფუძნებლის დავით ცერცვაძის განცხადებით, სასტუმროს დატვირთულობა 100%-დან 50%-მდე შემცირდა, ყველაზე მეტი დამსვენებელი ბაკურიანს 10 იანვრამდე ჰყავს, როდესაც კურორტი 100%-ით არის დატვირთული. ხოლო იმ დღეებში არამხოლოდ სასტუმროში განთავსებულმა სტუმრებმა დატოვეს დროზე ადრე სასტუმრო, არამედ ახალი ჯავშნებიც გაუქმდა.

სიახლე აქვს ბაკურიანს, კოხტა გორას ძირში 77-ნომრიანი სასტუმრო „კომორები“ გაიხსნა, სადაც 3.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო სრულ კომფორტსა და მომსახურებას ჰპირდება დამსვენებლებს, ასევე გაზაფხულზე იგეგმება საკონფერენციო დარბაზისა და საუნის მოწყობა.

უწყლობის პრობლემა ჰქონდა გუდაურში "რედკოს" დასახლებას. 31 დეკემბრიდან გუდაურში „რედკოს“ 3 000 ნომრიან აპარტამენტებს წყალმომარაგება შეუწყდა. როგორც მენეჯმენტი აცხადებდა, სასტუმროს დაახლოებით 50-60%-იანი იყო დატვირთვა ჰქონდა, უწყლობის გამო კი 10%-მდე შემცირდა.

პრობლემების გარეშე გაიხსნა გოდერძის სამთო კურორტზე სეზონი. სასტუმროების მმართველი კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული სახელმწიფო ქონება 2019 წლის 15 იანვარს გადმოვიდა კერძო საკუთრებაში და მისი მართვის ქვეშ არსებული ობიექტების ასამოქმედებლად 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

სვანეთი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ტურისტულ სეზონს. სვანეთს სეზონზე თოვლის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით: გზის გაწმენდა, დენის გრაფიკით მიწოდება, რაც დიდი დისკომფორტი იყო ტურისტებისათვის, განსაკუთრებით პრობლემები იმ სასტუმროებს შეექმნათ, სადაც გათბობა მხოლოდ დენზე იყო.

ამავე პერიოდში ბაკურიანისა და გუდაურის პრობლემებს დაემატა სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ თანამშრომლების გაფიცვა. სადაც დაახლოებით 50-მდე თანამშრომელი გაიფიცა და მათ გაუსაძლის შრომის პირობებს აპროტესტებდნენ. სასტუმროში დასაქმებულთა შემცირებების გამო, მომსახურე პერსონალი აღარ იყო საკმარისი, დარჩენილებზე გადავიდა მთელი მომსახურება და ისინიც არსებულ სამუშაო წნეხს ვერ უძლებდნენ. მენეჯმენტმა ერთკვირიანი ვადა ითხოვა დამატებითი კადრების ასაყვანად და პრობლემის მოსაგვარებლად და აქციაც შეწყდა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/36Y0qxi
https://bit.ly/31vQlGL
https://bit.ly/36XUQet
https://bit.ly/37ZzPRH
https://bit.ly/2ujV0zt

3. „თეგეტა მოტორსი“ - 2019 წლის ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერი

"თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი წარმატებული ბიზნეს წელი იყო, კომპანიამ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები და დანერგა ახალი სერვისები.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან, რომელმაც Fitch-ის რეიტინგი მიიღო, ასევე, ფლობს ევროპულ საკრედიტო რეიტინგს „BB–“-ს, რაც გამჭვირვალობასა და მყარ ფინანსურ პოზიციებზე მიუთითებს. „თეგეტა მოტორსმა“ წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე, გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები.

2019 წელი მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის იმ მხრივაც, რომ "თეგეტა მოტორსმა" და Volvo Cars-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შემდეგადაც კომპანიის მომსახურებისა და პროდუქციის ჩამონათვალი გამრავალფეროვნდა.

საფინანსო მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო, ის რომ 2019 წლის მაისში "თეგეტა მოტორსმა“ 30 მლნ ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რომლის ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორციელდა.

გასული წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ აჭარაში 4 ჰექტარზე განთავსებული რეგიონის უდიდესი სერვის ცენტრი გახსნა, სადაც 200-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა. კომპანიამ პროექტში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

"თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაციაა საქართველოში. აქვს 9 შვილობილი კომპანია და ჰყავს 2 000-მდე დასაქმებული ადამიანი. "თეგეტა მოტორსის" ჰოლდინგში ერთიანდებიან: თეგეტა აკადემია, შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში), Volvo Cars Tegeta (Volvos ოფიციალური დილერი საქართველოში), Tegeta Truck & Bus (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), Tegeta Construction Equipment (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი), Tegeta Car Rent, Tegeta Rentals, Tegeta Travel.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2v1dwww

4. "შუხმან გრუპის" პროექტები: ექსკლუზიური ღვინის სოფელი და გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ცენტრი

კახეთში, სოფელ კისისხევში, მიმდინარე 2019 წლის აპრილიდან გაიხსნა შუხმანის ექსკლუზიური ღვინის სოფელი. 5 ჰექტარზე გაშენებული სოფელში დაგეგმილია 24 ვილის აშენება, რომლებიც იქნება უნიკალური დიზაინით შესრულებული, ექსტერიერში გამოყენებულია მე-19 საუკუნის ქართული მასალა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და არ იწარმოება. პირველი ფაზა დასრულდა და აშენებულია 14 ვილა, 2020-ში კი 10 ვილა დაემატება. ვილების კომპლექსის გარე ტერიტორიის 80% ვენახებით იქნება დაფარული. კომპანიის მიზანია, პრემიუმ კლასის ღვინის ტურიზმის განვითარება.

რაც შეეხება მეღვინეობას - კომპანია ამ მიმართულებითაც ვითარდება, 2019 წელს მათ საკუთრებაში არსებული ვენახები გააფართოეს და უკვე ახალი ძალებით ახორციელებენ ბიზნესს. კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში გაყიდა 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რომელთა 93% ექპორტზე გავიდა, მათ შორის კანადასა და ამერიკის სხვადასხვა შტატში.

2020 წელს შუხმანის სასტუმრო კომპლექსს დაემატება გამაჯანსაღებელ, სარეაბილოიტაციო სარეკრეაციო ცენტრი, სადაც პაციენტებს, ღვინის ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული სპეციალური პროცედურები ჩაუტარდებათ. ღვინის ჯადოსნური ძალა სხეულზე, სუფთა ჰაერითა და კავკასიონის ხედებით ტკბობა, ამ საგზურების ღირებულება ერთ ადამიანზე 800 დოლარი იქნება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2GUVtLe

5. Camille Bloch-ი ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს. პროექტის დეტალებზე დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე გამართული შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა.

Camille Bloch-ი შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანიაა. როგორც ცნობილია მან უკვე მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც თხილის კულტივაციას ახალი ტექნოლოგიებით განახორციელებს. კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებასა ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

შოკოლადის მწარმოებელი Camille Bloch-ი ტრადიციული ოჯახური ბიზნესია, რომელიც 1929 წელს კამილა ბლოხმა ბერნიში დაარსა. დანიელ ბლოხი კი მესამე თაობის მმართველია. კომპანია მის ფუნდამენტურ ღირებულებად მიიჩნევს მთავრობასთან ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში მჭიდრო თანამშრომლობას. კომპანიის საშუალო წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/37Ztc1R

6. „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა“ (GPR) ექსპორტზე 900 ტონა თხილი გაიტანა

„ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ლევან ბოლქვაძის განცხადებით, კომპანიამ 2019 წელს 30-მდე ქვეყანაში 900 ტონა გადამუშავებული თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ ჯამში, დაახლოებით 4 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, რომლის პროდუქცია მოიცავს გაუტეხავ თხილს, გარჩეულ თხილის გულს, მოხალულ, გადამუშავებულ თხილს, დაქუცმაცებული და მოხალული თხილის ფქვილს.

GPR ქართული თხილის ექსპორტს 2015 წლიდან ახორციელებს. საწარმოს საწყისი საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ დოლარია. საწარმო მდებარეობს ხობში და სეზონურობის მიხედვით 80 ადამიანს ასაქმებს.

ლევან ბოლქვაძის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 25%-30%-ით გაიზარდა, რაც 2019 წელს თხილის ხარისხიანობის მატებამ განაპირობა. კომპანია სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ის ფლობს BRC სერტიფიკატს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/397F5D0

7. "ნადი გრუპის’’ ლოკოკინების ექსპორტი და 2020-ის გეგმები

სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში კომპანია "ნადი გრუპმა" ლოკოკინების ფერმა 2019 წლის სექტემბერში გახსნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ მიერ არის მხარდაჭერილი.

კომპანია საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გამოქვეყნდა მათი პირველი მსხვილი ექპორტის მონაცემები, კერძოდ; ნოემბერში „ნადი გრუპმა“ ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ კი იტალიაში ექსპორტზე 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გაიტანა. საექსპორტო შემოსავალმა კი 54,000 ევრო შეადგინა. „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცოცხალი ლოკოკინის ფასი ბაზარზე 4.5 ევროა, ხოლო გადამუშავებული ხორცის ღირებულება 12 ევრომდე იზრდება.

მერაბ ნადარაიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ლოკოკინების მსხვილი ექსპორტი განახორციელეს, საქართველოში აღნიშნული ბიზნესით ბევრი კომპანია დაინტერესდა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კომპანიაა ჩაის მწარმოებელი „გურიელი“. 2020 წლიდან საქართველოში 20-მდე ლოკოკინის ფერმა მოეწყობა, საიდანაც ჯამში 300 ტონამდე ლოკოკინის ხორცის მიღება იქნება შესაძლებელი. ახალ ფერმებს ლოკოკინებს "ნადი ჯგუფი მიაწვდის’’, ამისთვის კი სოფელ ახალ ხიბულაში, საკუთარ ფერმაში, გაზაფხულზე, ინკუბატორს გახსნიაბ, სადაც ლოკოკინებს გაამრავლებენ.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Simv4h
https://bit.ly/2vMS4M5
https://bit.ly/37YlCok

8. სამი კომპანიის 4 დღიანი სამუშაო კვირის ეფექტი

ქართული საკონსულტაციო კომპანია Insource-ი გასული წლის ნოემბერში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. მათ ეს "ფეისბუქ" პოსტითაც გაავრცელეს, ინოვაციის დანერგვამდე ისინი პროგნოზს გამოთქვამდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით პროდუქტიულობასაც გაზრდიდნენ და შედეგებსაც გაუმჯობესდნენ, ხოლო თანამშრომლებში "სამსახურეობრივი ბედნიერების" მაჩვენებელიც მაღალ დონეზე იქნებოდა. Insource-მა მსგავსი მოდელი Microsoft-ის შვილობილი კომპანიის Microsoft Japan’-ის გამოცდილებიდან გადმოიღო, რამაც კომპანიაში თანამშრომელთა პროდუქტიულობა 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 39.9%-ით გაზარდა.

უკვე იანვარში, Insource-ის მენეჯერი მედეა ტაბატაძე, 4-დღიანი სამუშაო კვირაზე გადასვლის შედეგებს აფასებს. "ფუჭად დროს არ ვხარჯავთ“, ასე განაცხადა მენეჯერმა. მისი შეფასებით, სამუშაოს შესრულების მზაობა და მოტივაციაც გაიზარდა. ისწავლეს დროის მენეჯმენტი, ნოემბერ-დეკემბერში აღებული პროექტებიც დროულად და ხარისხიანად შეასრულეს. კომპანიის ძირითადი გუნდი 5 ადამიანისაგან შედგება და მათი ანალიტიკა მოიცავს: თანამშრომლების ჩართულობისა და მოტივაციის კვლევას; ლიდერობის უნარების შეფასებასა და კვლევას (ჰარვარდის მეთოდი); ორგანიზაციული კულტურის კვლევას; ადამიანური რესურსის მართვის პრაქტიკის აუდიტს; სახელფასო კვლევას. მეორე კომპანია, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე 2020 წლის იანვრიდან გადავიდა არის საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი, რომელიც ცნობილია მისი მრავალფეროვანი, საინტერესო და პრაქტიკული ტრენინგებითა და ონლაინ კურსებით.

ხოლო მესამე კომპანია გახლავთ, დიზაინერული სტუდია Studio impulse-ი, რომელიც 2018 წლის 5 აპრილს შეიქმნა და რომელმაც 4-დღიან სამუშაო კვირა დაარსების დღიდან დანერგა. მისი პროფილია: ლოგოს დიზაინის შექმნა, ბრენდინგი, ვებ და პროგრამების დიზაინი, ნიმუშების შექმნა, ილუსტრაციები და ანიმაციები.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/373gNcc
https://bit.ly/2SfJ2yY

9. სათამაშოების საწარმო "კოდალა“ წარმოებას აფართოებს

2013 წელს ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითერების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დააარსა ხეზე ჭრის სოციალური საწარმო. მოხდა კადრების გადამზადება, წარმოების გაფართოება და განვითარება, საწარმოო პროცესში დაინერგა მართვის თანამედროვე პრინციპები, რამაც მენეჯმენტს გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ საწარმო მოგებაზე ორიენტირებულ ახალ დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო. 2016 წლიდან ოფიციალურად დარეგისტრირდა შპს-დ.

საწარმოს დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ განაცხადა, რომ 2019 წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. გაიზარდა ექსპორტიც და გერმანიაში დაახლოებით 10 000 ევროს ღირებულების სათამაშოები გავიდა, ასევე დაემატა რუსეთის ბაზარი, ხოლო მომავალი წლიდან ნორვეგიის ბაზარზე აპირებენ შესვლას.

"კოდალა’’ წარმოების გასაფართოებლად 100 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, კომპანიას 25 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და კიდევ 12 ადამინის დასაქმებას გეგმავს.

„კოდალას“ დამფუძნებლის თქმით, ქართული ხის სათამაშოები იყიდება ისეთ ჰიპერმარკეტებში, როგორებიცაა: "სუპერი", "გუდვილი", "აგროჰაბი", "სმარტი" და სხვა საცალო ობიექტები. ხოლო, თებერვლიდან ქართული წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები "ავერსის" სააფთიაქო ქსელშიც გაიყიდება. ხის სათამაშოების მწარმოებელ კომპანიასა და ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის დეკემბერში გაფორმდა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2tydmMU
https://bit.ly/2ScuPCM

10. "სამეფო თაფლის" წარმოება - სტუდენტის მიერ წარმატებით დაწყებული ოჯახური ბიზნესი

"სამეფო თაფლის" დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განაცხადა, რომ 2019 წელს მათი წარმოება 2-ჯერ გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიამ 50 ტონა პროდუქცია აწარმოა და 200 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე გასატანად. რაც შეეხება 2020-ის მოლოდინებს, მზარდი მოთხოვნილების ფონზე პროდუქციის გავრცელების არეალის გაფართოებას გეგმავენ.

გიორგი გომელურმა სტარტაპ ბიზნესი ახმეტის რაიონში 2017 წელს დაიწყო, მაშინ ის აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ოჯახის მრავალწლიანი მეფუტკრეობის გამოცდილება, რომელიც მანამდე უფრო ჰობი იყო ვიდრე ბიზნესი, მან წარმატებულ ბიზნესად აქცია და ბაზარზე თავი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით დაიმკვიდრა. "სამეფო თაფლის" ინოვაციური პროდუქციაა: ფიჭიანი თაფლი და ენერგეტიკული საკვები-თხილეული თაფლში. ასევე მომავალში დაგეგმილია სხვა ქართული ნატურალური პროდუქტების წარმოება.

თაფლის ჩამოსხმა და ეტიკეტირება ხდება ახმეტის რაიონში, ყველა სტანდარტის დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/39dAgs9