მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 39%-ით შემცირდა

5f43e55089203
BM.GE
25.08.20 09:30
1314
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გამოაქვეყნა, რომელიც სატელევიზიო რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ირკვევა, რომ აპრილ-ივნისში ტელევიზიებმა 12.2 მლნ ლარი გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე (20 მლნ) 39%-ით ნაკლებია.

„2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა”, - ასეთია კომისიის შეფასება შემცირებულ შემოსავლებზე.

ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ტელევიზიებმა სარეკლამო შემოსავლის სახით 26 მლნ ლარი მიიღეს ანუ 20.4 %-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს.

ისიც ფაქტია, რომ 2017 წლიდან სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი კლებადია, რასაც წელს პანდემიაც დაემატა. კერძოდ: 2016 წელს ტელევიზიების მიერ რეკლამიდან მიღებული საერთო შემოსავალი 87.9 მლნ იყო, 2017 წელს - 76 მლნ (14 %-ით ნაკლები), 2018 წელს - 75.7 მლნ (0.3 %-ით ნაკლები), ხოლო 2019 წელს - 67.5 მლნ (11%-ით ნაკლები).

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მშრალი ინფორმაცია აჩვენებს, რომ მეორე კვარტალში რეკლამების მოზიდვაში ლიდერი ტელეკომპანია „იმედია“. მან ჯამური შემოსავლების (12.2 მლნ) თითქმის ნახევარი - 5.4 მლნ ლარი მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ „იმედის“ შემოსავლები 2013 წლიდან მზარდია და 2019 წელს 26.7 მლნ-ს მიაღწია, თუმცა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისი სარეკლამო შემოსავალიც 7.6%-ით შემცირდა.

შემოსავლების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს „რუსთავი 2“, რომელმაც 2.1 მლნ-ის ღირებულების სარეკლამო დრო გაყიდა. ის წლების განმავლობაში ყველაზე მეტ სარეკლამო შემოსავალს იღებდა, თუმცა კომპანიის შემოსავლების კლება 2017 წელიდან დაიწყო, როდესაც 2016 წელთან შედარებით 10 მლნ-ით ნაკლები - 31 მლნ ლარის რეკლამა მოიზიდა. შემოსავლების შემცირება დაფიქსირდა გასული წლის მეორე ნახევარშიც, როდესაც არხის მფლობელის ცვლილების გამო ტელეკომპანია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „რუსთავი 2-მა“ 65%-ით ნაკლები - 4.7 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

მეორე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „მთავარი არხი“ - მას 1.3 მლნ შემოსავალი ჰქონდა. კომპანია 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა და დაარსებიდან დღემდე 5 მლნ-ის ღირებულების სარეკლამო დრო გაყიდა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველს“ ის მეოთხე ადგილზეა 0.8 მლნ ლარით; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი შემოსავლები ყოველწლიურად მზარდია. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 11.6 %-ით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მეხუთე პოზიციას იკავებს „ჯი-დი-ეს თივი“, რომელმაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სარეკლამო დროის გაყიდვიდან 0,5 მლნ ლარი მიიღო. კომპანიას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეკლამო შემოსავალი 8.3 %-ით გაეზარდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები, დანარჩენი მაუწყებლების ჭრილში, ასე გადანაწილდა:

„პოსტვ“ - 0.4 მილიონი ლარი;
„ფორმულა“ - 0.3 მილიონი ლარი;
„რ.ბ.ჯ.“ – 0.2 მილიონი ლარი;
„სეტანტა ჯორჯია“ – 0.1 მილიონი ლარი;
„სტუდია მაესტრო“ - 0.1 მილიონი ლარი;
სხვა - 0.9 მილიონი ლარი;

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებელს, როგორც bm.ge-ის კომისიაში უთხრეს, ის სარეკლამო შემოსავლების ათეულში ვერ მოხვდა. 

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.