15.ივლისი .2020 00:10

2020 წლის პირველ ნახევარში ბენზინის იმპორტი შემცირდა, დიზელის კი გაიზარდა

views 384
უკან

2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 497.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით 3.6 ათასი ტონით ანუ 0.7%-ით მეტია.

ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 244.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 259.7 ათასი ტონა - შედარებით 15.6 ათასი ტონით ანუ 6%-ით ნაკლებია, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი - 253.8 ათასი ტონა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 234.6 ათასი ტონა - შედარებით 19.2 ათასი ტონით ანუ 8.2%-ით გაზრდილია.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საწვავის იმპორტი გაიზარდა პანდემია Covid-19-სა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვების მიუხედავად. ყოველივე ეს კი, ჩვენი აზრით, განპირობებულია იმით, რომ კარანტინი უფრო დიდი ხნით არ გაგრძელდა და რიგი ეკონომიკური დარგები შედარებით ადრე გაიხსნა.

საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას“, - განმარტავენ ნავთბპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

რაც შეეხება საწვავის იმპორტს ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

• რუსეთი - 176.0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35.3%-ს შეადგენს.
• რუმინეთი - 90.2 ათასი ტონა (18.1%);
• აზერბაიჯანი - 88.8 ათასი ტონა (17.8%);
• თურქმენეთი - 50.3 ათასი ტონა (10.1%);
• ბულგარეთი - 36.6 ათასი ტონა (7.4%);
• საბერძნეთი - 21.4 ათასი ტონა (4.3%);
• ყაზახეთი - 20.3 ათასი ტონა (4.1%);
• თურქეთი - 9.1 ათასი ტონა (1.8%);
• გაერთ. ემირ. – 1.5 ათასი ტონა (0.3%);
• ავსტრია - 1.3 ათასი ტონა (0.3%);
• შვეიცარია - 1.1 ათასი ტონა (0.2%);
• სინგაპური - 1.0 ათასი ტონა (0.2%);
• ჰონკონგი - 0.2 ათასი ტონა (0.1%).