მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის შედეგები ცნობილია - მიკროსაფინანსო სექტორი 45-მილიონიან მოგებაზეა

602277620cb57
შოთა ტყეშელაშვილი
09.02.21 15:51
1502
საქართველოში მოქმედმა 40-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ეროვნულ ბანკს 2020 წლის ფინანსური შედეგები უკვე წარდუგინა. სექტორის მთლიანი ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მათი აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და ამჟამად 1.47 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, სირთულეების მიუხედავად, მისო-ების ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ 0.1 მილიონიან მოგებაზე მრავალჯერ მეტია, თუმცა 2019 წლის სუსტი მოგების მთავარი მიზეზი ონლაინგამსესხებლების მიერ მილიონობით ლარის გაფუჭებული კრედიტების ჩამოწერა იყო, 2020-ში კი, ეს მოთამაშეები ბაზრიდან საერთოდ გავიდნენ. მათ შორის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო “ვივუსშიც", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-გამსესხებელი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში მისოების რაოდენობა 8-ით შემცირდა, ბოლო 2 წელში კი ბაზრიდან სულ 27 მოთამაშე გავიდა.

როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ქართულ მისო-ებს სულ 1.18 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული, რაც წინა წლის შედეგებთან შედარებით 55 მილიონი ლარით მეტია. ამ სესხებზე მათ გასულ წელს 281 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, მიკროსაფინანსოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სალომბარდე სესხებია, რაც მათი საკრედიტო პორტფელის 43%-ია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მთავარი საკრედიტო მიმართულებები ასე ნაწილდება:

● სალომბარდე სესხები - 519 მილიონი ლარის პორტფელი, ზრდა წინა წელთან 87 მლნ ლარი;
● სამომხმარებლო სესხები - 265 მილიონი ლარის პორტფელი, კლება წინა წელთან 4.1 მლნ ლარი;
● ვაჭრობა და მომსახურება - 199 მილიონი ლარის პორტფელი, კლება წინა წელთან 11 მლნ ლარი;
● სოფლის მეურნეობა - 99 მილიონი ლარის პორტფელი, კლება წინა წელთან 4 მლნ ლარი;
● განვადება - 48 მილიონი ლარის პორტფელი, ზრდა წინა წელთან 12 მლნ ლარი;
● იურიდიულ პირებზე სესხები - 41 მილიონი ლარის პორტფელი, ზრდა წინა წელთან 6.3 მლნ ლარი;
● ონლაინ სესხები - 1.8 მილიონი ლარის პორტფელი, კლება წინა წელთან 28 მლნ ლარი;

რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს, სხვადასხვა საკომისიოს, მათ შორის ვალუტის კონვერტაციის საკომისიოს სახით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 51 მილიონი ლარი მიიღეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, მათ მიერ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებია, რაც 328 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მისოებს ქართული ბანკებიდან 283 მილიონი ლარის მოცულობის საკრედიტო დაფინანსება აქვთ მიღებული. გასულ წელს მისოების ვალები 118 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სექტორი ჯამურად 4.1 ათას ადამიანს ასაქმებს. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4.4 ათასი იყო.