მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი

609012e7eff08
ეგნატე შამუგია
06.05.21 10:40
2335
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ეკონომიკის ღიაობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ადგილობრივ მოხმარებაში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არაა. ასევე, ადგილობრივი წარმოება სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებას აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკური ზრდაში საგარეო ვაჭრობას. ამ მხრივ, საქართველო საკმაოდ ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომლის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ათი წლის მანძილზე მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 98.5%-ია, რითაც 200 ეკონომიკურ ერთეულს შორის 72-ე ადგილს იკავებს და რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ღია ეკონომიკის სტატუსს ფლობს. საქართველოს ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის, კერძოდ, წმინდა ექსპორტის როლიდან გამომდინარე, გასული წლის 6.2%-იან კლებაში არსებითი წვლილი სწორედ ამ უკანასკნელს გააჩნდა. 2020 წელს ეკონომიკის კლებაში წმინდა ექსპორტის (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) წვლილი 5.6 პ.პ. იყო. 
 
თავის მხრივ, საქართველო ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანაა. ესე იგი, ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს, ხოლო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები კი რეგიონის და უშუალოდ, მეზობელი ქვეყნებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ ექსპორტის მიმართულებით რიგი ცვლილებებია და საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა, რომლის წილი მთლიან ექსპორტში, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 13.4%-ია. ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა კი ისტორიულად მეზობელი ქვეყანა - თურქეთია. აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან განხორციელებულმა იმპორტმა მთლიანი ღირებულების 17.6% შეადგინა.

ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა, პირველი კვარტალი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან აქტიური სავაჭრო ურთიერთობით გამოირჩევა, იმპორტი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ ხორციელდება. იმპორტირებული საქონელის ნაწილი ექსპორტისთვისაა. შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ნაწილი ადგილობრივი წარმოების არ არის და ამ შემთხვევაში, მისი რეექსპორტი ხორციელდება. თუკი 2019 წელის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 827.4 მლნ აშშ დოლარია, აქედან მხოლოდ 66.1%, 547.0 მლნ აშშ დოლარი იყო ადგილობრივი ექსპორტი. დანარჩენი 280.4 მლნ აშშ დოლარი რეექსპორტია. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტი 87.6 მლნ აშშ დოლარით იყო გაზრდილი, რაც დიდწილად სწორედ რეექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში რეექსპორტის ღირებულება 35.8%-ით, 74.0 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო. ამდენად, საქართველოს მთლიან ექსპორტში რეექსპორტს არსებითი წილი უჭირავს და მისი ცვლილება მკაფიოდ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ინდიკატორებზე.

„დიდი ჩაკეტვის“ პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რეექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, რამაც ნაწილობრივ, ზემოთ ხსენებული, საექსპორტო ქვეყნების წილის ცვლილებაც განაპირობა, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საექსპორტო საქონელის წილში რეექსპორტია. მაგალითად ასეთი ქვეყნა ბულგარეთია, სადაც 2019 წელს მთლიანად 284.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ მისი 74.4%, 211.3 მლნ აშშ დოლარი რეექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93.3% კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც საქართველოს რეექსპორტის ძირითადი საქონელია, ხოლო რეექსპორტისთვის თავად საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება (მათ შორის, მცირე ნაწილი ლათინური ამერიკიდან). ამდენად, ბულგარეთში ექსპორტირებული საქონელის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი ექსპორტი არ არის და სინამდვილეში ეს სომხეთის ექსპორტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გარდა სპილენძის მადნებისა, საქართველოდან სამეზობლოს ეკონომიკებში ავტომობილების, სამედიცინო საქონლის და სხვადასხვა ტექნიკის რეექსპორტი ხორციელდება. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში რეექსპორტირდება, თუმცა 2020 წლიდან სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი დრამატულად შემცირდა, რაც ამ პერიოდიდან ახალი საბაჟო რეჟიმის ამოქმედებამ განაპირობა. კერძოდ, სომხეთში ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაიზარდა, ხოლო საქართველოდან რეექსპორტი სწორედ ამ ორი ეკონომიკური ერთეულიდან შემოყვანილი ავტომობილებით ხორციელდება. აღნიშნული კი საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ნუსხაში ამ ქვეყნის მესამედან მეშვიდე პოზიციაზე გადანაცვლება გამოიწვია. მადნების მსგავსად, შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არა საქართველოს, არამედ ევროპის და ამერიკის ექსპორტია სამეზობლოში. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, რეექსპორტი არა უშუალოდ ქვეყნის რეექსპორტი, არამედ სხვა ქვეყნის ექსპორტია, აღნიშნულიდან სარგებელს რეექსპორტიორი ქვეყანაც იღებს. მაგალითად, ასეთია რეექსპორტის მომსახურება, ხოლო ფისკალურ ნაწილში დაბეგვრიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები.
 
ფიგურა 2: საქართველოს ექსპორტი მშპ-სთან მიმართებით, პირველი კვარტალი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები*

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 820.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.6 მლნ აშშ დოლარით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა სრულად ადგილობრივ ექსპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 13.6%-ით, 606.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რეექსპორტი 13.0%-ით შემცირდა. შედეგად, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 74.0%-მდეა გაზრდილი, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში 68.5% იყო. ამდენად, კრიზისის პერიოდში უფრო მეტად რეექსპორტი შემცირდა, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი. ეს უკანასკნელი კი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მთლიანი ეკონომიკასთან მიმართებით 18.5%-მდეა გაზრდილი, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ 12.7%-ს შეადგენდა. რეექსპორტმა კი მსგავსად გასული წლის პირველი კვარტლისა, მშპ-ის 6.5% შეადგინა.

ფიგურა 3: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, 2021 წლის პირველი კვარტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

რეექსპორტის გარეშე, ადგილობრივი საქონელი და მომსახურების საექსპორტო ქვეყნები და მათი წილი განსხვავებულია, ვიდრე მთლიანი ექსპორტი. ამ მხრივ (მთლიანი ექსპორტის კუთხითაც), მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიხედვით, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო ქვეყანა ჩინეთია, სადაც იანვარ-მარტში 103.5 მლნ აშშ დოლარი ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8%-იანი ზრდაა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ადგილობრივ ექსპორტში ჩინეთის წილი 17.1%-ია. ჩინეთის შემდეგ, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, რომლის წილმა მთლიან ადგილობრივი ექსპორტში 16.5% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში 100.0 აშშ მლნ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.0%-ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის მხრივ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპორტის ზრდის მაღალი ნიშნული თურქეთში იყო, სადაც 2021 წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 46.6%-ითაა გაზრდილი და 71.4%-ს შეადგენს. საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში თურქეთის წილი კი 11.8%-ია. ამდენად, მიმდინარე წლის მონაცემებით, ადგილობრივ ექსპორტში 45.3%-იანი კონტრიბუცია სამ ქვეყანას გააჩნია, რაც ამ მხრივ ექსპორტის ნაკლებ დივერსიფიცირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ ქვეყნებში კი ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია, რომელიც იანვარ-მარტში 242.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, რაც ამავე პერიოდის მთლიან ადგილობრივი ექსპორტის 40.0%-ია. ამდენად, სპილენძის მანდები არამხოლოდ რეექსპორტის კუთხითაა ძირითადი საექსპორტო საქონელი, არამედ ადგილობრივ ექსპორტში მაღალი წილი უჭირავს. კერძოდ, 26.2%, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში 158.8 მლნ აშშ დოლარია. გარდა ინდუსტრიული წარმოებისა, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია სოფლის მეურნეობა. კერძოდ, ღვინო და თხილის ექსპორტი. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 43.7 მლნ ლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 7.2%-ია. აღნიშნული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, თუმცა ღვინისგან განსხვავებით თხილი და კაკლის ექსპორტი 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაორმაგებულია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თხილის და კაკლის ექსპორტის ღირებულებამ 23.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ადგილობრივი ექსპორტის 3.9%-ია.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რეექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სპილენძის მადნების და ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, თუმცა ადგილობრივ ექსპორტშიც სპილენძის მადნების წილი მაღალია. ჯამში, 2021 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივმა ექსპორტმა 606.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ითაა გაზრდილი. ეს კი მთლიანი ექსპორტის 74%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკის 18.2%-ია. აღნიშნული მაჩვენებლები კი გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით გაზრდილია.

*ნომინალური მშპ დათვლილია დღგ-დან მიღებული შემოსავლების მიხედვით

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>