მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელი იყო პრობლემების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის წელი - ირაკლი კოვზანაძე

620e6c1c05dbb
BM.GE
17.02.22 19:37
649
„განვლილი 2021 წელი იყო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის წელი, წელი რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სწრაფად გამოვსულიყავით იმ პრობლემებიდან რომელშიც პანდემიურ 2020 წელს შევედით. 2021 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.6 %-ით და გადაფარა 2020 წლის რეცესიის დანაკარგები, 2019 წელთან შედარებით გვაქვს ზრდა 3.1 %-ით. ვფიქრობ, რომ ეს მარტივი მისაღწევი არ იყო მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მსოფლიო პაანდემიის რეალობაში ვცხოვრობთ“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით 2021 წელი რეცესიიდან გამოსვლის პრობლემების დაძლევის წელი იყო. „სახელმწიფო ბიუჯეტი იყო (და არის) ხელისუფლების ძირითადი ინსტრუმენტი, რამაც ადექვატურად იმუშავა 2021 წლის განმავლობაში როგორც დაზღვევის, ასევე სტიმულირების კუთხით“-აღნიშნა თანამომხსენებელმა და მიღწევებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის არაპროგნოზირებად კოვიდინფექციასა და ფასების ზრდაზე.


„2020-2021 წლებში ჩვენ კოვიდთან ბრძოლა 7.5 მლრდ.ლარზე მეტი დაგვიჯდა, რაც მშპ-ს 10.5%-ია და უზარმაზარი თანხაა, წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ რესურსებით, რომ არა კოვიდი“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა ფასების ზრდა ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. „აქ ორი ძირითადი ბერკეტი არსებობს - საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დროული რეაგირება (მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვგულისხმობ) და მეორე - საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სახეზე გვაქვს სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრული გაზრდა 8%-დან 10.5%-მდე და ფინანსთა სამინისტროს მიერ დეფიციტის შემცირება 9.3%-დან 4.4%-მდე. ვფიქრობ, როგორც ამას ეროვნული ბანკი ჩვენ გვპირდება, ინფლაციაც ქვემოთ წამოვა. ასევე ვისურვებდი, დეფიციტის მაჩვენებელი ჩამოცდეს 4%-ს. ვთვლი, სწორი იქნება რომ ფინანსთა სამინისტრომ 2022 საბიუჯეტო წლის განმავლობაში წარმოშობილი რეზერვი მიმართოს დეფიციტის შემცირების მიმართულებებით. ეს იქნება მათი მნიშვნელოვანი წვლილი მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობის საქმეში და ინფლაციის შემცირების კუთხით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.