18.ივლისი .2022 11:27

2021 წელი სახელმწიფოს კუთვნილმა "ბორჯომი ლიკანმა” ₾8-მილიონიანი მოგებით დაასრულა

2021 წელი სახელმწიფოს კუთვნილმა "ბორჯომი ლიკანმა” ₾8-მილიონიანი მოგებით დაასრულა
views 763
უკან

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიამ 13 მილიონი ლარის შემოსავალი და 8.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. შედარებისთვის, 2020 წელს სასტუმრო მოგების ნაცვლად, 4.6 მილიონი ლარის ზარალზე იყო. 

კომპანიის შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა, რაც სასტუმროს გაზრდილმა დატვირთვამ განაპირობა. 2021 წელს ობიექტი სულ 54,702 სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი იყო. 

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სასტუმროს დღიური შემოსავალი ერთი სტუმრიდან 238 ლარი იყო, რაც 2020 წელს არსებულ 190 ლარს 48 ლარით აღემატებოდა.

მთლიანობაში 2021 წელს სასტუმრო ნომრებიდან "ბორჯომი ლიკანმა" 6,981,818 ლარის ამონაგები მიიღო, რესტორნის მომსახურებიდან 4,658,906 ლარი, ხოლო სპა და სამედიცინო გამაჯანსაღებელმა მომსახურებებმა სასტუმროს 1,326,151 ლარის შემოსავალი მისცა.

სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტი გასულ წელს 52% იყო, რაც 2020 წელს არსებულ 21%-ზე ორნახევარჯერ მეტი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სასტუმრომ საკუთარი თანამშრომლების ხელფასებზე 2.8 მილიონი ლარი დახარჯა, მარაგების ხარჯი 2 მილიონი ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარი 2.3 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯი კი 2.3 მილიონი ლარი იყო.

ჯამურად საოპერაციო ხარჯები 9.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა კომპანიის მოგება განაპირობა მისი ძირითადი აქტივის - თავად სასტუმროს ღირებულების ხელახალმა შეფასებამ, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 8.7 მილიონი ლარით მეტი იყო.

2020 წელს სასტუმროს აქტივები 39 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წელს 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა