მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთვის $63,5 მლნ-ის გამოყოფა სურს

5e42e17014e11
თამთა ჯიჯავაძე
11.02.20 21:09
977
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2021 წლისთვის საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჯამში 63 500 000 აშშ დოლარის გამოყოფა სურს. კერძოდ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საბიუჯეტო დოკუმენტში წერია, საქართველოსთვის მომდევნო წლისთვის ეკონომიკური მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით მოთხოვნილია 38 500 000 დოლარის გამოყოფა, ნარკოტიკებზე საერთაშორისო კონტროლისა და კანონის აღსრულების კუთხით 1 800 000 დოლარის, საერთაშორისო სამხედრო წვრთნების კუთხით 2 200 000 დოლარის, საგარეო სამხედრო დაფინანსების კუთხით 20 000 000 დოლარის, ხოლო ანტიტერორიზმის, გაუვრცელებლობის, განაღმვისა და მასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში 1 000 000 დოლარის გამოყოფა.

„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამები ევროპაში აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და თავსებადობას აშშ-ის, ნატოსა და ევროპის შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას რომ, ამ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ისთან ერთად ოპერირებენ, ჰყავდეთ ოფიცრები, რომელთაც ესმით და აფასებენ აშშ-ის სამხედრო დოქტრინას და ოპერაციულ ტაქტიკებს. პრიორიტეტულ მიმღებ ქვეყნებს შორისაა ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში.

გარდა ამისა, სამხედრო დაფინანსების პუნქტში, აშშ-ის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ევროპასა და ევრაზიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული პრიორიტეტები არის რუსეთის გავლენებსა და აგრესიასთან ბრძოლა. ამ კუხთით ქვეყნებს გამოყოფილი თანხები დაეხმარება აღჭურვილობით უზრუნველყოფასა და წვრთნების ჩატარებაში. პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის კი საქართველოსთან ერთად ნახსენებია უკრაინა, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.