მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

61f110b66400e
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.22 09:50
2163
2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ ბანკების კაპიტალზე უკუგებამ შარშან ასევე რეკორდული 30% შეადგინა.

“დღეისთვის უკვე აღდგენილია კრიზისამდელი ფინანსური მაჩვენებლები. შარშან საბანკო სექტორმა რეკორდული მოგება დაწერა, 30%-იანი უკუგება კაპიტალზე, ანუ 100 ლარის ინვესტიციაზე ინვესტორმა 30 ლარის უკუგება მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ჩვენ ვიძახდით რომ საბანკო სექტორი იქნებოდა კრიზისიდან გამოსვლის წამახალისებელი და ასეც მოხდა. 2022 წელს ვფიქრობთ რომ მომგებიანობა შედარებით შემცირდება და სექტორის უკუგება კაპიტალზე სადღაც 20%-ს მაჩვენებელს დაუბრუნდება,”- განაცხადა ლეჟავამ.

მთლიანობაში 2021 წლის განმავლობაში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.97 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 22%-ით მეტია. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.

უფრო დეტალურად, ეს მაჩვენებლები ასე ნაწილება:

• ბანკების საპროცენტო შემოსავლები ფიზიკური პირების სესხებიდან - 2.48 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 21%;
• ბანკების საპროცენტო შემოსავლები იურიდიული პირების სესხებიდან - 1.67 მილიარდი ლარი, მატება 18%.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:

• წმინდა მოგება მომხმარებლებისთვის ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან - 301.2 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 1400%;
• საკომისიოები გაწეული მომსახურებისთვის - 466 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 43%;
• ჯარიმები - 73.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 47%.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 1.27 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 770 მილიონი ლარი დახარჯეს.

ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 797 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 15%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში საბანკო სისტემამ 2.33 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, ხოლო მოგების გადასახადის სახით 256 მილიონი ლარი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 2.08 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.