მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს EBRD-მა საქართველოში 295 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

61f3b6a0954b0
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.22 13:28
1012
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წელს საქართველოში 295 მილიონი ევროს საინვესტიციო პროექტები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD ავრცელებს. ბანკის დაფინანსების ძირითადი მიმართულება 2021 წელსაც კერძო სექტორი იყო და ის საქართველოში დაგროვილი ინვესტიციების 79%-ს წარმოადგენს.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში განაცხადა, რომ ბანკის მიზანს საქართველოში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს. 

"EBRD-ის გუნდმა ძალზედ ნაყოფიერად იმუშავა და დაეხმარა კლიენტებს უფრო ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში Covid-19 პანდემიის ზეგავლენის პასუხად.

ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფას კერძო სექტორისთვის ქვესესხების გაცემისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. საბანკო სექტორისადმი ჩვენმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო კომპანიებისათვის დაფინანსებაზე წვდომას ევროკავშირის (EU) დამატებითი სტიმულირების გრანტებით საქართველოში. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია ენერგეტიკულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში", - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. 

EBRD-მა 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა სახელმწიფო საწარმოს, საქართველოს რკინიგზის მიერ პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაში.

EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში, ბანკმა დააფინანსა თბილისის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის, ასევე მყარი ნარჩენების შემგროვებელი სატრანსპორტო პარკის მოდერნიზაცია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. EBRD-მა განაგრძო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისების განახლების მხარდაჭერა დამატებით თანამედროვე ავტობუსების შეძენის დაფინანსებით.

EBRD-მა საქართველოში მოქმედი ბანკების დაფინანსება განაგრძო, ვაჭრობის ფინანსირების ტრანზაქციების ხელშეწყობისთვის EBRD-მა სამი ქართული ბანკი 49.2 მილიონი ევროთი დააფინანსა. 

"EBRD-მა კიდევ უფრო გააძლიერა მხარდაჭერა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (SMEs) კომერციული ბანკებისთვის 60 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით ადგილობრივი ბიზნესებისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით ინვესტიციებისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ აღდგენასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ბანკი ასევე უზრუნველყოფდა ბიზნესკონსულტაციებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის 76 საკონსულტაციო პროექტის განხორციელების საშუალებით, რომ კომპანიების საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი და რომ მათი საქმიანობა გაფართოვდეს და გაძლიერდეს კრიზისის დასაძლევად. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ქალთა ხელმძღვანელობით მომუშავე ან მათ მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე, გადამზადდა 177 ქალი მეწარმე და მენეჯერი.

ბანკმა განაგრძო EU-EBRD Digital RE4M პროგრამის განხორციელება, რომელიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად. საქართველოში ეს მხარდაჭერა გულისხმობს რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებას, რომელსაც აფინანსებს სამხრეთ კორეა, პროგრამა ქალები ბიზნესში (დაფინანსებულია შვედეთისა და ევროკავშირის მიერ).

ინვესტიციებთან ერთად, EBRD განაგრძობდა პოლიტიკის გარშემო დიალოგში მონაწილეობას. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. მან ასევე უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

გარდა ამისა, EBRD-მა განაგრძო ძალისხმევა გენდერული ჩართულობის გასაძლიერებლად პროექტებში, რაც ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

2021 წელს EBRD-მა ასევე დაამტკიცა ქვეყნის ახალი სტრატეგია მომდევნო ხუთი წლისთვის. სტრატეგია ასახავს ბანკის ოპერაციების ძირითად პრიორიტეტებს, რომლებიც მოიცავს: (i) ეკონომიკის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას გაზრდილი კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის გზით; (ii) თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას მეტი ჩართულობისა და დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების გზით; (iii) მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების ხელშეწყობას მომატებული ინვესტიციების და უკეთესი მმართველობის გზით," - ნათქვამია EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.