მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2021 წელს ჯანდაცვის სექტორის ფინანსური ზრდა რთულად მისაღწევი იქნება”

602655044e250
ლიკა გურაბანიძე
12.02.21 20:44
859
SavvY-ის მმართველი პარტნიორის მარიამ ქოიავას შეფასებით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის ფინანსური ზრდა ძალიან რთულად მისაღწევი იქნება.

"მიზანი უნდა იყოს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ” - ამის შესახებ ქოიავამ “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად ისეთი პროფილური კომპანიები უნდა იყვნენ, რომლებიც კოვიდ რეალობას ნაკლებად მოერგნენ.

“სპეციალიზირებულ კლინიკებში ეფექტიანობის დაჭერა უფრო მაღალი იყო, თუმცა 2020 წელს ნეგატიური გავლენა აქაც გვაქვს, რადგან ეს მიმართულება დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. 2019 წლის ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სექტორის საოპერაციო ეფექტიანობა დაკლებულია და 4 პროცენტული პუნქტით არის გაუარესებული. ამ სექტორის მომგებიანობის შემცირებას, ორი კომპონენტი განაპირობებს: შემოსავლების კლება და ხარჯების ზრდა, მათ შორის თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კუთხით” - განაცხადა ქოიავამ.

მან ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ უნდა გახდეს ინვესტორებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სექტორი მეტად საინტერესო.

 

“ეს სექტორი რომ ინვესტორებისთვის მეტად საინტერესო იყოს კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ დარგის შემდგომი განვითარებისთვის გამსხვილება ერთ-ერთი სწორი სტრატეგია იქნება. შესაძლოა დარგში მოთამაშეები გადანაწილდნენ და ერთი რომელიმე ჯგუფის მეტად გამსხვილება მოხდეს. ასევე აქ ყურადღება შესყიდვების მართვის მხარეზეც უნდა გამახვილდეს, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია. ბევრ კომპანიაში ვაწყდებით იმას, რომ შესყიდვების პროცესი დალაგებული არ აქვთ. ამ მხრივ კონსოლიდაცია საინტერესო იქნება” - აღნიშნა მარიამ ქოიავამ.