მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს მთავრობა არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში დავებზე 18 მლნ ლარს დახარჯავს

5f805f08a3793
შოთა ტყეშელაშვილი
09.10.20 19:05
1077
2021 წელს საქართველოს მთავრობა არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებში იურიდიული მომსახურებისთვის 18 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს - ამის შესახებ 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან ხდება ცნობილი. აღნიშნულ ხარჯებს უშუალოდ იუსტიციის სამინისტრო გასწევს. 

ბიუჯეტის მუხლის აღწერის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო გადაიხდის კომერციულ დავებში საქართველოს იურიდიული წარმომადგენლობის ღირებულებასაც.

"არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნების სასამართლოებში კომერციულ და საინვესტიციო დავებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში სახელმწიფოთაშორის ან/და ინდივიდუალურ დავებზე სახელმწიფო წარმომადგენლობა; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა; საქართველოს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სამინისტროს ინტერესების დაცვა; სახელისუფლებო დაწესებულებების წინააღმდეგ დავებში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით,"- ნათქვამია ბიუჯეტის პროგრამული კოდის აღწერაში. 

საქართველოს მთავრობა 2021 წელს მხარედ იქნება წარმოდგენილი აზერბაიჯანულ საინვესტიციო ჰოლდინგ NEQSOL-თან, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ამავე კონსორციუმის ერთ-ერთ ინვესტორთან ბობ მეიერთან დავაში. საქმეები კი მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ გადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს და "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და ამით რეგიონული ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელების ხელშეშლას უკავშირდება. 

ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო მთავრობაში ფიქრობენ, რომ არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.

"არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი,"- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.