მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს სამშენებლო სექტორი 22%-ით შემცირდა; ვაჭრობის კი 20%-ით გაიზარდა

6238334b93cf4
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.22 12:09
1213
2021 წლის ეკონომიკურ ზრდის შესახებ საქსტატის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ნომინალური მშპ გასულ წელს 22.3%-ით გაიზარდა, საიდანაც დეფლატორის წილი 10.8%; რეალური ეკონომიკური ზრდის წილი კი 10.4% იყო.

ეკონომიკის დარგების უმეტესობაში გასულ წელს მატება იყო, თუმცა სამ სფეროში - მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და განათლებაში კლება დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მკვეთრი იყო ვარდნა სამშენებლო სექტორში, სადაც რეალური ზრდა მინუს 21.8% იყო. 2021 წელს მშენებლობის სექტორის მთლიანი გამოშვება 4.2 მილიარდი ლარი იყო, რაც მართალია ნომინალურად 2020 წლის მაჩვენებელს (3.7 მილიარდს) აღემატებოდა, თუმცა დეფლატორის გათვალისწინებით, სინამდვილეში კლებას წარმოადგენდა.

ეკონომიკის დარგებს შორის 2021 წელს რეალური ზრდა ასე ნაწილდება:

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 19.9%;
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 27.6%;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 43.1%;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 28.7%;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 23.5%;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.2%;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 9.0%;
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 29.8%;
● ენერგეტიკა - 33.5%;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 23.9%;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 13.5%;

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:

● მშენებლობა - -21.8%;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - -1.4%;
● განათლება - -2.3%;

საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მეტწილად სწორედ “საბაზო ეფექტით” იყო განპირობებული, რადგანაც ის 2020 წლის მაჩვენებლებს დარდებოდა.

თუკი 2021 წლის რეალურ ეკონომიკას შევადარებთ 2019 წლის, ანუ პანდემიამდელი პერიოდის ეკონომიკასთან, გამოდის, რომ 2019 წელთან მიმართებით 2021 წლის ეკონომიკა მხოლოდ 3.6%-ით გაიზარდა.