მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის გაზი გაატარა - BP შედეგებს აჯამებს

62051ab342380
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.22 19:00
1247
BP კავკასიაში საქმიანობის შედეგებს აჯამებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოზე გამავალი “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” სისტემის საშუალო დღიური დატვირთვა 48.5 მილიონი კუბური მეტრი იყო. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 17.7 მილიარდი კუბური მეტრი გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 59%-ით მეტია.

SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტის შედეგად თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

BP ექსფლორეიშენის ინფორმაციით, შარშან მილსადენის საოპერაციო დანახარჯები, ანუ მისლადენის ოპერირების ღირებულება 54 მილიონი დოლარი იყო.

“2021 წლის 1 აგვისტოს დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემა კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი-დან კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედ-ზე.

გარდამავალი პერიოდი რომელიც დაიწყო 2020 წლის მარტში წარმატებით დასრულდა 2021 წლის ივლისში. მიუხედავად COVID-19 გამო წარმოქმნილი გამოწვევებისა ბი-პი და სოკარი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რათა ეფექტურად განეხორციელებინათ გარდამავალი პროცესის ყველა ასპექტი.

ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა განხორციელდა მილსადენის მფლობელთა განახლებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელსაც ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, და ის შაჰ დენიზის მეორე ეტაპის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია,”- ნათქვამია BP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერები არიან: bp (28.83%), TPAO (19.0%), PETRONAS (15.5%), AzSCP (10.0%), NICO (10.0%), LUKOIL (10.0%), SGC Midstream (6.67%).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირდა:

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას, ის გასულ წელს შემცირდა.

1768 კმ. სიგრძის მილსადენმა 2021 წლის განმავლობაში, დაახლოებით 200 მილიონი ბარელი (26.4 მილიონ ტონაზე მეტი) ნავთობი გაატარა. ეს 2020 წელს გატარებულ 27.6 მლნ ტონასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

მილსადენის მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 280 ტანკერში ჩაიტვირთა.

მილსადენი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება ნედლი ნავთობის და კონდენსატის სხვა მოცულობების ტრანსპორტირება, მათ შორის თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

მილსადენის ოპერირების ღირებულებამ, ანუ მისი ფუნქციონირებისთვის გაწეულმა დანახარჯებმა შარშან 119 მილიონი დოლარი შეადგინა, კაპიტალური დანახარჯები კი 34 მილიონი დოლარი იყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აქციონერები არიან: bp (30.1%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); Total Energies (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGC (BTC) Limited (2.36%).