მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ექნება

604227cfcb4f4
ელენე გოგბერაშვილი
05.03.21 21:17
4572
„მეწარმეთა შესახებ“ დღემდე მოქმედი კანონი 1994 წელსაა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა, მოძველებული კანონი ბიზნესს დღემდე არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის. ხშირად პარტნიორები ვეღარ ახერხებენ მათთვის მინიჭებული შესაძლებლობებით ისარგებლონ, წესდებები ზოგადი ხასიათისაა, რის გამოც რიგი საკითხები რეგულირების მიღმა რჩება, კანონი კი დავის წარმოშობის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას ვეღარ ეხმარება.

აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება, რაც თავის თავზე 2013 წელს იუსტიციის სამინისტრომ აიღო და დონორების დახმარებით კანონის წერა დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, მისი ძალაში შესვლა მიმდინარე წლის იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ახალი ნორმატიული დოკუმენტის პრეზენტაცია მხოლოდ დღეს შედგა. წინ საპარლამენტო განხილვებია, თუმცა ბიზნესსაზოგადოება თანხმდება, რომ ცვლილებები პრინციპულია, რაც ქართული ბიზნესისთვისდასავლური ტიპის თამაშის წესებს აყალიბებს.

„როდესაც ვამბობ ქართულ ბიზნესს, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც დაფუძნებული აქვთ ბიზნესკომპანიები, ამ კომპანიების პარტნიორებს, დირექტორებს, პარტნიორებს შორის ურთიერთობებს... სამეწარმეო საზოგადოებას შორის ურთიერთობა მთლიანად წესრიგდება ახლებურად და დასავლურად, ცივილურად. ეს არის ის საერთო ენა, რომელზეც შეუძლიათ ისაუბრონ ქართულმა, დასავლურმა კომპანიებმა. ეს არის მეტი სიცხადე სამეწარმეო ურთიერთობაში ნაკლები დავა ბიზნესის კეთების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია ეკონომიკურ განვითარებას მხოლოდ დადებითად წაადგება.

ძალიან ბევრი საკითხი ზუსტდება პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. უთანხმოების შემთხვევაში დავა აღარ იქნება დამოკიდებული ცალკეული ნორმების ინტერპრეტირებაზე, არამედ იქნება ნათელი წესები, ვის, რა წილით, რა გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს; როგორი იქნება დირექტორის მოვალეობები და პასუხისმგებლობები კომპანიის მართვის პროცესში და იმ შემთხვევაშიც თუ კომპანია ფინანსურ კრიზისში შევიდა და აღმოჩნდა გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე და ა.შ... მთლიანობაში ჩვენ ვიღებთ ძალიან კარგ დოკუმენტს, რომლითაც ივსება ერთი მხრივ ის თეთრი ადგილები, რაც არსებულ კანონმდებლობაშია და მეორე მხრივ ძალიან ბევრი ხარვეზი სწორდება“,- აცხადებს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.

ბიზნესი ამბობს, რომ განხორციელებული ცვლილებებით, კორპორატიული სამართალი, რომელიც დაახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს როგორც აქციონერთა, ისე კრედიტორთა და სხვა ბიზნესსუბიექტთა დაცვას, რაც დღემდე მოქმედი კანონით პრობლემა იყო.

„შეთანხმებულები ვართ, რომ უნდა იყოს კონსესუსით მიღებული დოკუმენტი. ეს არ უნდა წარმოადგენდეს დამატებით ტვირთს და უნდა იყოს განჭვრეტადი, მათ შორის დროის თვალსაზრისით, რომ არ ამოქმედდეს ისე, რომ ბიზნესი არ იყოს ამისთვის მზად. იქ ძალიან ბევრი გარდამავალი დებულება იქნება, ძალიან ბევრი თარიღი იქნება გადაწეული, რაც საშუალებას მოგვცემს, მომზადებულები შევხვდეთ ცვლილებებს“, - აცხადებს „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

როგორც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მას შემოაქვს ნორმები, რომელიც კორპორატიული ურთიერთობების უკეთ მოწესრიგების შესაძლებლობას ქმნის. კანონი ადგენს ასევე ნორმატიულ ბაზას, რომელიც შეავსებს იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რომელიც ხელს უშლის ერთის მხრივ ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლოს, საკითხების სათანადოდ განიხილოს და გადაწყვიტოს.

მეწარმეთა შესახებ ახალ კანონს თან ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რამაც ასევე წარმოაჩინა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება, რომელიც მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების დღის წესრიგის მოთხოვნებიდანაც მომდინარეობს.

როგორც დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი წარდგენილ ცვლილებებს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლიდან შევა.

„დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ ბევრი საკითხი მინდობილი იყო წესდებებისთვის და ამ წესდებებში არ წესრიგდებოდა საბოლოო ჯამში ის საკითხები და ბოლოს მეწარმეები აწყდებოდნენ პრობლემას, რომ თუკი წარმოიქმნებოდა დავა და მიდიოდნენ სასამართლოში, სასამართლო ჩაიხედავდა წესდებაში და ხედავდა, რომ იქ არ იყო ეს სიტუაცია მოწესრიგებული. შემდეგ ჩაიხედავდა კანონში და იქაც ნახულობდნენ, რომ არ იყო ეს სიტუაცია მოწესრიგებული და უწევდათ ან უცხო ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება ან თავად განმარტება ურთიერთობების, რომ რამენაირად გადაეწყვიტათ დავა. სწორედ ამ პრობლემას აღმოფხვრის ეს ახალი კანონი, იმით რომ უფრო მეტი ნორმა იქნება, რომელიც მეტ სიცხადეს შეიტანს ამ ურთიერთობებში“-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

"მეწარმეთა შესახებ" კანონში შესული ცვლილებები იხილეთ აქ.