14.იანვარი .2022 23:20

„2021 წელს უშუალოდ ტურისტების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 83%-ს მიაღწია“ - ჯანიაშვილი

„2021 წელს უშუალოდ ტურისტების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 83%-ს მიაღწია“ - ჯანიაშვილი
views 807
უკან

„ტურიზმის აღდგენის დინამიკა უმოკლეს ვადაში ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის იმედს გვაძლევს“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკის შეფასებისას განაცხადა.

ჯანიაშვილის თქმით, გასულ წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები და ვიზიტები სწრაფი ტემპით გაიზარდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური ზრდის დინამიკა როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე საერთაშორისო ტურისტების, ავიაციის ინდუსტრიისა და ტურიზმიდან შემოსავლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა უშუალოდ ტურისტების წილი და 83%-ს მიაღწია. ეს არის შედეგი იმ რეგულაციების, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით ჩვენ საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის გავხსენით. სწორი აქცენტები გავაკეთეთ ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტზე, რაც მთავარია ვაწარმოეთ აქტიური მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, როგორც საერთაშორისო წამყვანი პლატფორმების, ასევე საერთაშორისო მედიისა და ბლოგერების საშუალებით“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2022 წელს ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს კამპანიებსა და პროექტებს ტურისტების მოსაზიდად და შემოსავლების გასაზრდელად.

„წელს ჩვენ ვაგრძელებთ აქტივობებს საერთაშორისო ბაზარზე, ზოგადად მთელი მსოფლიოს მიზანია 2019 წლის მონაცემებს, რაც შეიძლება მალე გავუთანაბრდეთ. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2023-24 წლებში, შესაბამისად საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას“, - ამბობს ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით. საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა