მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ყველაზე დახურული უწყებები მთავრობის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო იყო - IDFI

628b8261bb137
მარიამ ვარადაშვილი
23.05.22 16:47
972
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, 2021 წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო. ამის შესახებ საუბარია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაუმჯობესდა.

ანგარიშში წერია, რომ მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელი შესაძლებელია შეფასდეს როგორც პანდემიის შედეგად საჯარო დაწესებულებებში შექმნილი არაორდინალური სიტუაციის გავლენის შესუსტება, ხოლო მეორეს მხრივ ცალკეული უწყებების (მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით, რაც დადებითად აისახა საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%). გასულ წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა.

“2021 წელს განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს ისეთი საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაცია რომელიც პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეთა ინფორმირების შეუფერხებელ წყაროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტრო მისი საერთაშორისო რეპუტაციის მნიშვნელობის და მათ მიერ ადმინისტრირებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, უნდა გამოირჩეოდნენ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით”,-წერია IDFI-ის ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წელს კვლავ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან იყო კავშირში და ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვა”,-წერია ანგარიშში.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - (95,65%), ხოლო ყველაზე დაბალი ეკონომიკის სამინისტრომ (30,57%) , მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%).