მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლიდან ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები გამოჩნდებიან - რა იცვლება მომხმარებლებისთვის

5f44be723d78e
ინგა მურუსიძე
25.08.20 11:37
2183
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები შემოვა. მანამდე კი, ტრადიციულ მობილურ კომპანიებს მოსამზადებლად დრო აქვთ, რომ შეიმუშაონ პირობები ქსელზე ახალი ოპერატორების დაშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში 4 მილიონ 800 ათასამდე მობილური აბონენტია და ისინი სრულად 3 კომპანიაზე ნაწილდებიან.

ცნობისთვის: მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.

„ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების - „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას. ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენა მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს და ეტაპობრივად აისახება, როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე - ფასებზე“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.

„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.

MVNO-ს აქვს რეალური შესაძლებლობა, შექმნას დაბალ შემოსავლიან მომხმარებელზე ან მცირე ზომის ბიზნესზე და სტარტაპებზე მორგებული პროდუქტები და ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, აგრარული სექტორი ასევე ჯანდაცვა და ე.წ. ჭკვიანი ქალაქები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას“, - ამბობენ კომუნიკაციების კომისიაში. 

ვინ არიან ვირტუალური ოპერატორები და რას შეცვლიან ისინი მობილურ ბაზარზე?