მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლიდან საქართველოში “ღია ბანკინგის” პრინციპები დაინერგება - რა იცვლება?

5fd3491a93f1b
BM.GE
11.12.20 15:17
2008
2021 წლიდან საქართველოში “ღია ბანკინგის” პრინციპების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ მიმართულებით პირველი ცვლილება 2021 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმეებს შეეძლებათ მათი საბანკო პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი.

ღია ბანკინგის საკითხებზე ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ახალი სტანდარტების დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს. სებ-ის შეფასებით, ამ მიმართულების განვითარება საბანკო სფეროში ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და კომპანიების გაჩენას შეუწყობს ხელს.

“ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, შეამცირონ არსებული პროდუქტის ღირებულება ან/და გაზარდონ მომხმარებელთა ცნობიერება.

საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული. კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება - მათ შორის, გადახდების ინიცირებაც - იქნება შესაძლებელი,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

თავად საბანკო ასოციაცია კი აღნიშნავს, რომ ღია ბანკინგის პრინციპების დანერგვის შემთხვევაში საქართველოში ფინტექ კომპანიების განვითარებას შეეწყობა ხელი. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, კანონმდებლობაში უკვე განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, კომერციულ ბანკებს დაევალებათ, გარკვეული ინფორმაცია გახადონ ხელმისაწვდომი მესამე მხარის პროვაიდერებისათვის. თავად ინფორმაციის გამჟღავნების პროცესის შესახებ კი კომერციული ბანკების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილია ღია ბანკინგის კომიტეტი - სამუშაო ჯგუფი, რომელიც სებ-თან ერთად წარმართავს ღია ბანკინგის დანერგვის პროცესს.

“ფინანსური სერვისების განვითარება მხოლოდ მკაცრად რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტების (მაგ. კომერციული ბანკების) მოქმედების სფერო იყო - ისინი უხსნიდნენ მომხმარებლებს ანგარიშებს, ფლობდნენ ამ ანგარიშებთან დაკავშირებულ მრავალგვარ ინფორმაციას და თავადვე ავითარებდნენ ანგარიშებთან წვდომის სხვადასხვა ტექნოლოგიურ მეთოდებს, როგორებიცაა: საბანკო პლასტიკური ბარათები, სატელეფონო და SMS მომსახურება, ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი და სხვა. მეტიც, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის კონკურენცია ეტაპობრივად გადაიზარდა ტექნოლოგიურ კონკურენციაში. ამავდროულად, ინფორმაციული ტექნოლოგიების მძლავრმა განვითარებამ და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდამ მოიტანა ის, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა გაუჩნდათ სხვა მხარეებსაც, თუმცა მათ ხელი არ მიუწვდებოდათ მომხმარებლების ფინანსებზე და ფინანსურ ინფორმაციაზე. შესაბამისად, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდებოდა.

ღია ბანკინგის ინიციატივა მიზნად ისახავს შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს მაღალტექნოლოგიური ფინანსური სერვისების შექმნას და ამავდროულად კვლავინდებურად უზრუნველყოფს მომხმარებლების ფინანსებისა და ფინანსური ინფორმაციის დაცულობას. ღია ბანკინგის მიდგომით, მომხმარებელს ფინანსური სერვისები მიეწოდება არა ერთი, არამედ უკვე ორი მხარის ჩართულობით:

1) პირველი მხარე, ე.წ. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებლებს უხსნის ანგარიშებს და ეწევა ამ ანგარიშების მომსახურებას. იგი კვლავინდებურად ექვემდებარება მკაცრ რეგულირებას და უზრუნველყოფს მომხმარებლის ფინანსებისა და ფინანსური ინფორმაციის დაცულობას;
2) მეორე მხარე, ე.წ. მესამე მხარის პროვაიდერი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისწვდეს საკუთარ ანგარიშებს, რომელიც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთანაა გახსნილი.

ღია ბანკინგის ინიციატივა მიზნად ისახავს, დააწესოს შედარებით მსუბუქი რეგულაციები მესამე მხარის პროვაიდერებისათვის, რათა მათ მთელი ძალისხმევა დახარჯონ ახალი, მოქნილი და მომხმარებლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული ფინანსური სერვისების შესაქმნელად. მეორე მხრივ, ბანკებსა და ანგარიშის მომსახურე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ძალისხმევა მიმართონ სესხების, დეპოზიტების და სხვა ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, ანუ იმ სფეროში, სადაც მათ გააჩნიათ აღიარებული კომპეტენცია,"- ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.