მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია

5f898c5b7b6bc
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.20 17:00
1237
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სებ-ის დასკვნა ბიუჯეტის პროექტზე დადებითია.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ წარდგენილი პროექტის შესაბამისად, საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტის მდგრად, 3%-იან დონეს 2024 წლისთვის დაუბრუნდება, იქამდე კი დეფიციტი ეტაპობრივად შემცირდება. ვალის ნიშნული კი კრიზისის არცერთ წელს არ გადააჭარბებს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს.

თუმცა, ეს მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი პროექტია, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის ბიუჯეტის პროექტი არ შეიცავს ჩანაწერს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მის მეორე და მესამე წარდგენას ჩაემატება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით მომდევნო წარდგენისთვის ბიუჯეტის ზომა საგრძნობლად გაიზრდება.

ეროვნული ბანკის დასკვნა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე:

“საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას ეყრდნობა ბიუჯეტის ანალიზურ ცხრილს, რამდენადაც ის უკეთესად ასახავს ბიუჯეტის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 11,435 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 10,450 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 985 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2020 წლის დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით 16.4 პროცენტით იზრდება.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14,275 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე ხარჯებისთვის 10,681 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებსა და წმინდა დაკრედიტებისთვის 3,594 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2020 წლის დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით 536 მილიონი ლარით მცირდება. შემცირდა მიმდინარე ხარჯები (905 მლნ ლარით), ხოლო კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება კი 368 მლნ ლარით გაიზარდა.

2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წლის დაგეგმილ მაჩვენებელთან (8.5 პროცენტი) შედარებით მცირდება და მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 5.1 პროცენტს შეადგენს. პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, 2020-2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის დროებით გაზრდილი დონე გამართლებულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვისა და გაზრდილი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესის მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა არ უნდა მოხდეს იმ დონემდე, რომელიც ინფლაციაზე დამატებითი წნეხის რისკებს გააჩენს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს შემცირებას იწყებს, რომლის ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და 2024 წლისთვის ბიუჯეტი მდგრად დონეს (3 პროცენტი) უბრუნდება. შედეგად, 2021 წლის ბიუჯეტი, ფისკალური კონსოლიდაციის შემდგომ წლებში გაგრძელების გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში დეფიციტის გარკვეული ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რის შედეგადაც იზრდება საერთაშორისო რეზერვები, რაც, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს საჭიროების მიხედვით განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები და ამ გზით თავიდან აირიდოს ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური დამატებითი წნეხი გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.

2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია 1,000 მლნ ლარის მობილიზება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით. ბიუჯეტის პროექტი, ასევე, ითვალისწინებს 2,174 მლნ ლარის ოდენობით საგარეო ვალდებულებების მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს იფარება საქართველოს სუვერენული ევრობონდები, რაც საგარეო ვალზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ჯამში, სახელმწიფო საგარეო ვალი, 2020 წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის 45.9 პროცენტიდან, 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის 43.2 პროცენტამდე მცირდება. მომდევნო წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის ვალი მშპ-სთან 60 პროცენტზე ქვემოთ ნარჩუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.