მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის I კვარტალში "საქართველოს რკინიგზამ" 54 მლნ ლარით იზარალა

60a638d3278ee
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.21 15:40
1024
სს "საქართველოს რკინიგზამ" 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯგუფმა 54.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ზარალთან შედარებით 130 მილიონი ლარით ნაკლებია.

პირველი კვარტლის განმავლობაში რკინიგზამ სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 0.2 მილიონი ტონით, ანუ 7%-ით მეტი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რკინიგზის საოპერაციო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 127.9 მილიონი ლარი გახდა. თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა კომპანიას საკუთარი ხარჯები სრულად დაეფარა.

როგორც მომზადებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, წელს, ისევე როგორც 2020 წელსაც ზარალის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული დანაკარგებია. მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 64 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ეს ზარალი დაკავშირებულია კომპანიის ვალდებულებებთან, რომელთა მოცულობაც ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და რომლის ძირი თანხის მოცულობაც ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა.

ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 102.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9.4%;
ლოგისტიკური სერვისები - 17.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 35%;
სამგზავრო გადაყვანები - 0.7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 64%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 1.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 71%;

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 40.5 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 10.6 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 17.4 მილიონი ლარი იყო.

როგორც ცნობილია “საქართველოს რკინიგზა” წელს $500 მილიონი დოლარის მოვულობის ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ამ თანხით კომპანია 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი, სატრანზიტო ნაკადების აღდგენა დაიწყო და ის ჯერ - 10.9 მილიონი ტონა, 2020 წელს კი 11.1 მილიონი ტონა გახდა.