მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის I ნახევარში OPEC-ი ნავთობის ბაზარზე რისკებს პროგნოზირებს

5ff2e495a4874
ნათია თაქთაქიშვილი
04.01.21 15:13
1153
OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობის ბაზარზე რისკების არსებობას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ეს ძირითადად კორონავირუსის ახალი შტამით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ითვლება, ვშიშობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ბაზარზე რისკებს გაზრდის“, - განაცხადა ბარკინდომ.

მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 2021 წლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ რაც შეეხება ისეთი დარგების აღდგენას, როგორიც არის ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა, მათ პანდემიამდელ მდგომარეობაზე დასაბრუნებლად წლები დასჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს OPEC იძულებული გახდა, ნავთობის წარმოება რეკორდულად შეემცირებინა, რაც გლობალური "ლოქდაუნებით" და საწვავზე ნაკლები მოთხოვნით აიხსნებოდა. გასული წლის დასაწყისიდან OPEC-მა ნავთობის მოპოვება თავდაპირველად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა, შემდეგ კი 7.7 მილიონით და 7.2 მილიონით.

ბარკინდოს პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის 4.4 პროცენტიანი ზრდის პირობებში, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 95.9 მილიონ ბარელს გაუტოლდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრის ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარს გადააჭარბა.