მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის l ნახევარში თბილისში 16,600 ბინა გაიყიდა - რა ფასად და რა უბნებში

60e5c5269cee9
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.21 23:40
1863
TBC Capital-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისში სულ 16,000 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 86.5%-ით მეტია.

2019 წელთან შედარებით, ანუ კრიზისამდელ პერიოდთან მიმართებით თბილისში ბინების გაყიდვები 8%-ით არის შემცირებული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2021 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, რეალიზებული ბინების 64% ახალ საცხოვრებელ სახლებზე მოდის.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში აპრილსა და მაისში რეალიზებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 709 დოლარი იყო, მათ შორის ახალ ბინებში ფასი 745 დოლარს, ძველ ბინებში კი 645 დოლარს შეადგენდა.

2021 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით რეალიზებული ახალი ბინების ფართობების მიხედვით ასე ნაწილდება:

• 50 კვადრატულ მეტრამდე - გაყიდვების 32%;
• 50-70 კვადრატული მეტრი - გაყიდვების 38%;
• 70-100 კვადრატული მეტრი - გაყიდვების 20%;
• 100 და უფრო დიდი ფართობი - გაყიდვების 10%.

შესაბამისად, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საშუალო ზომის ბინებზე ნარჩუნდება. რაც შეეხება მათ განაწილებას უბნების მიხედვით, ყველაზე მეტი 3000-მდე ბინა 2021 წლის პირველ ნახევარში საბურთალოზე გაიყიდა. თუმცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. წელს 2,700-მდე ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, რითიც მას საბურთალოს შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. 2,100-მდე ბინა გაიყიდა გლდანში, დაახლოებით ამდენივე სამგორში. ისანში გაყიდვები 1,900-ს ბინას აღემატებოდა, ნაძალადევსა და დიდუბეში კი 1,200-ს. ვაკეში წელს დაახლოებით 1000 ბინა გაიყიდა, კრწანისში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე კი 500 ბინაზე ნაკლები.

რაც შეეხება კვადრატული მეტრის ფასს, ის ყველაზე მაღალი კვლავ მთაწმინდაზეა, სადაც ახალაშენებულ შენობაში ერთი კვადრატულის ფასი 1,200 დოლარამდეა. ვაკეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1,150 დოლარია, საბურთალოზე კი 950 დოლარი.

ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება სამგორსა და დიდ დიღომშია, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ერთი კვადრატულის ფასი დაახლოებით 600 დოლარია.