მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის მარტამდე საყოველთაოს ფარგლებში რიგი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა

5fb7ba4b00413
ელენე გოგბერაშვილი
20.11.20 16:42
6349

2021 წლის მარტამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. შესაბამის ცვლილებებს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს. 

„COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა.


2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამასთან, განმარტებულია, რომ დადგენილება ვრცელდება 2020 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ინფორმაციისთვის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, წლის ბოლომდე პროგრამის შეუჩერებლად დასრულებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების მეშვეობით, მას 95 მილიონი ლარი დაამატა, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა.