20.ივლისი .2021 18:07

2021 წლის პირველ ნახევარში ქართულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

2021 წლის პირველ ნახევარში ქართულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს
views 1257
უკან

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ ნახევარში 1.06 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს - ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა. 

ბანკების მოგება სებ-ის პროგნოზთანაც თანხვედრაშია, რადგან ივნისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ წელს ქართული საბანკო სისტემა სავარაუდოდ "საკმაოდ სოლიდურ მოგებაზე გავა". 

კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის 6 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 2.87 მილიარდი ლარი მიიღეს, შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.17 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 22%-ით გაიზარდა და 797 მილიონი ლარი შეადგინა. 

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 211.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 637.4 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 359 მილიონი ლარი დახარჯეს.

ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 377.5 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 14%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.18 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 117 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.06 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა