მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის პირველი ნახევარი მოგებიანობის კუთხითაც რთული იქნება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

605ca76da244f
ინგა მურუსიძე
25.03.21 19:18
967

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ პირველი და მეორე კვარტალი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ რთული იქნება, ქვეყნის რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან და ვაქცინაციის პროცესებიდან გამომდინარე. პირველი კვარტალისგან განსხვავებით, ბუცხრიკიძეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინები აქვს წლის მეორე ნახევართან მიმართებით.

„ალბათ საკმაოდ რთული პირველი კვარტალი იქნება და მეორე კვარტალიც, გამომდინარე ეკონომიკური მდგომარეობიდან, ვაქცინაციის პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ შედარებით უკეთესო ეკონომიკური მოლოდინი გვაქვს 2021 წლის მეორე ნახევარში. ვფიქრობთ, რომ 2021 წლის პირველი ნეხევარი მოგებიანობის კუთხითაც რთული იქნება, მეტი დადებითი შედეგები გვაქვს წლის მეორე ნახევარში. შესაბამისად, ბანკების მოგებიანობაც უკეთესი იქნება წლის მეორე ნახევარში“, - განცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა იყოს მზად, ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს სწორად და ეკონომიკაში გაჩნდეს მოთხოვნა სესხებზე.

"საბანკო სექტორს იმაზე მეტი ლიკვიდობა გააჩნია, ვიდრე საკმარისია. გაცილებით დიდი ლიკვიდურობაა თიბისიში და საბანკო სექტორში. საბანკო სექტორს მზაობა გააჩნია, ახლა მთავარია ეკონომიკის მზაობა, რომ ვაქცინაცია სწორად და სწრაფად წავიდეს და ეკონომიკაში გაჩნდეს მოთხოვნა სესხებზე", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა ამ ზრდის განმაპირობებელი იყო როგორც ახალი სესხების გაცემა, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ნაშთის გაზრდა, რაც ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა, რვაჯერ შემცირდა სექტორის ჯამური მოგება. თუკი 2019 წელს 15 ბანკის მთლიანი მოგება 853 მილიონი ლარი იყო, 2020-ში სექტორის მთლიანმა მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი - 24.7 მილიონიანი ზარალი "ქართუ ბანკმა" განიცადა. ყველაზე მაღალი - 123 მილიონიანი წმინდა მოგება კი "თიბისი ბანკს" ჰქონდა.