მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022-2023 წლებში 400-ზე მეტი თანამშრომელი დავამატეთ“ - NOVA-ში წარმოების 50%-ით ზრდას ელიან

6461f9ee3673f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.23 23:50
954
სამშენებლო მასალების ადგილობრივი მწარმოებელ კომპანია „ნოვაში“ 2023 წელს 50%-იან ზრდას ელიან. კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და განვითარებაზე კომპანიის დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ნოვამ“ საკუთარ პორტფელში სამი ახალი საწარმოო მიმართულება დაამატა. კომპანიამ ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რაც სრულად „თიბისი“ ბანკმა დააფინანსა. 20 მილიონი ლარის ნაწილში კი, სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში სამწლიანი პროცენტი დასუბსიდირდა. შედეგად „ნოვა“ კავკასიაში პირველი კომპანია იქნება, რომელიც XPS, ანუ ექსტრუდირებული პოლისტიროლის წარმოებას დაიწყებს. ახალი საწარმოო ხაზები „ნოვას“ წებო-ცემენტები, ბეტეკის წებო-ცემენტები და შავი მეტალის წარმოებასაც მოიცავს.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2023-2024 წლები კომპანიისთვის მართვის სისტემატიზაციის წლები იქნება, რა დროსაც სიმძლავრეების ზრდა და გაფართოება გაგრძელდება.

„გასულ 7-10 წელს რომ გადავხედავთ, ჩვენი განვითარებით გაკვირვებულები ვართ. ამ წლების განმავლობაში სულ მოძრაობასა და დინამიკაში ვართ, თუმცა ახლა ვფიქრობთ, 2023-2024 წლებში უნდა დავღვინდეთ და პროცესები უფრო შეკრული გავხადოთ, რადგან შეკრულ პროცესების მართვას გაცილების მეტი შედეგი მოაქვს. არ ვაპირებთ გაჩერებას რიტეილის, წარმოების, პროდუქტების მრავალფეროვნების ნაწილში.

მიმდინარე წელს ნოვას საწარმოო რაოდენობების ზრდა 50%-ს აჭარბებს. მიუხედავად იმისა რომ გასულ წელი ძალიან კარგი მაჩვენებლებით დავხურეთ. თუ შარშან ადლიის ტერმინალში, სადაც დიდი ლოგისტიკური ცენტრია, დღეში 500 ტონა ტვირთი იტვირთებოდა, წელს 750 ტონამდე გაიზრდება“, - ამბობს ზვიად აბულაძე.

მისი თქმით, კომპანია ექსპორტის მიმართულებითაც უფრო გააქტიურდება. „გვინდა კარგად ვიმუშაოთ ექსპორტზე და სამივე პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ მეტალის, წებო-ცემენტისა და XPS-ის ნაწილში მარტივად იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო მაგარი და ძლიერი ექსპორტიორები გავხდეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ზვიად აბულაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანია რიტეილ მიმართულებითაც მიმდინარე წელს კონკრეტულ შედეგებს ელის.

„2023 წელი ის წელი იქნება, როდესაც ჩვენი რიტეილ მიმართულება მოგებას დაწერს. 2022 წელს 4 ფილიალი გვქონდა და 2022-2023 წლებში 400-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დამატებული“, - აღნიშნა ზვიად აბულაძემ.

„თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე, გიორგი დარჩიაშვილმა „Forbes კვირასთან“ „ნოვას“ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ წლების წინ კომპანია იმპორტიორი იყო, ახლა რეალიზებული პროდუქტის ნახევარს ადგილობრივი პროდუქტი წარმოადგენს.

„ნოვას“ ბიზნეს საქმიანობა ძირითადად იმპორტირებული პროდუქტის გაყიდვას შეადგენდა, თუმცა ეს ტენდენცია შეიცვალა და დღეს სახეზე მასშტაბური ადგილობრივი წარმოება გვაქვს. შესაბამისად, კომპანიის ჯამური რეალიზაციის 50%-ზე მეტს ადგილობრივი წარმოების მიმართულება დაიკავებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მხრიდან რიტეილ მიმართულებაში ინვესტირება. შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელი და ისტორია ახასიათებს ამ კომპანიას“, - აღნიშნა გიორგი დარჩიაშვილმა.