მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ნაცვლად - რა იცვლება?

63e27326ce594
თელარა გელანტია
07.02.23 23:00
985
„საქართველოს განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ნაცვლად - იცვლება სახელწოდება, მკაცრდება პროექტების თანადაფინანსების კრიტერიუმები და დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი - რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება იწყება.

მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვები დაიწყება, BMG-მ გადაწყვიტა, გადასახადების გადამხდელები ძირითადი ცვლილებების საქმის კურსში ჩააყენოს.

როგორც ცნობილია, 2017 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საპარტნიორო ფონდს რეფორმირებამდე ახალი პროექტების დაფინანსება აეკრძალა და რამდენიმე წელია, ამ მხრივ ის, ფაქტობრივად, უმოქმედო იყო. ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენდა - რა იქნებოდა რეფორმირებული ფონდის დაფინანსების წყარო, ამიტომ კანონპროექტის დამუშავებისას სწორედ ამ საკითხს მივაქციეთ ყურადღება.

რა იქნება „საქართველოს განვითარების ფონდის“ დაფინანსების წყარო(ებ)ი?

როგორც განმარტებით ბარათში წერია, „კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას“, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალაში რჩება ფონდის დაფინანსების აქამდე არსებული წყაროები:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

დაფინანსების ზემოთ მოცემული წყაროებიდან რამდენიმესთან დაკავშირებით გაგვიჩნდა კითხვები. კერძოდ, ამ დრომდე ფონდის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების დივიდენდები. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო კომპანიები საპარტნიორო ფონდის მფლობელობიდან გავიდა, საინტერესოა, ვისგან მიიღებს დივიდენდებს „საქართველოს განვითარების ფონდი“. ასევე, ვინაიდან დაფინანსების წყაროა „ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში“, დამფუძნებელი კი, დღეს სახელმწიფოა, რას ნიშნავს აღნიშნული ჩანაწერის დატოვება.

BMG-ის კითხვების პასუხად ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ საპარტნიოროს ფონდს გააჩნია წილები კომპანიებში, შესაბამისად, დივიდენდს მათგან მიიღებს და ასევე, გამორიცხეს რაიმე ფორმით საქართველოს განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსება.

„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიზანია საპარტნიორო ფონდის მმართველობის გაუმჯობესება; კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვა და OECD-ს გაიდლაინების შესაბამისად მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა, ამასთან მართვის სტრუქტურის რეფორმირების ფონზე პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმების გამკაცრება.

მე-3 მუხლის დ პუნქტთან - „სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები“ - დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საპარტნიოროს ფონდს გააჩნია წილები კომპანიებში, შესაბამისად მათგან იღებს დივიდენდს, რაც წარმოადგენს ფონდის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს.

რაც შეეხება მე-3 მუხლის ვ პუნქტს - „ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში“ - აქ ცალსახად არ იგულისხმება ბიუჯეტიდან ფონდის დაფინანსება, ეს მრავალჯერ აღინიშნა საქართველოს მთავრობის წევრების და ფონდის მენეჯმენტის მხრიდან.

ამასთან, სავალუტო ფონდთან აღებული გვაქვს ვალდებულება, რაც გამორიცხავს საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობას. აღნიშნული ჩანაწერი მოიაზრებს ფონდის მიერ სხვა კერძო ინვესტორებთან ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ გადაცემული /გადასაცემი გარკვეული აქტივების კაპიტალში შეტანის შესაძლებლობას“, - წერია სამინისტროს წერილობით პასუხში.

რა იქნება „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიზნები?

თუ კანონის მოქმედი რედაქციით, მიზანი არის სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება თუ დაფინანსება, რეფორმირების შემდეგ, „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიზნებად განსაზღვრულია:

ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;

გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით;

დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

აღსანიშნია კანონპროექტის ერთ-ერთი ახალი პუნქტი, რომელიც პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმას ეხება. კერძოდ, თუ აქამდე საპარტნიორო ფონდს შეეძლო ესა თუ ის პროექტი თანადაფინანსების გარეშე განეხორციელებინა, ახალ კანონპროექტში ეს აკრძალული აქვს.

რა იქნება „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო პრიორიტეტები?

რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ყველა სექტორში შეუძლია ინვესტირება, გარდა სათამაშო ბიზნესისა, თუმცა გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულებები.

რაც შეეხება ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების ერთგვარ ფინანსურ ჭერს, თუ მოქმედი კანონით, ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლოში მინიმუმ 30 მილიონი ლარი, ახალ რედაქციაში აქცენტი ფონდის თანამონაწილეობაზეა გაკეთებული.

„საქართველოს განვითარების ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად შეადგენს:

ა) მინიმუმ 3 მილიონ ლარს;
ბ) არაუმეტეს პროექტის ღირებულების 30%-ს;
გ) არაუმეტეს პროექტის კაპიტალის 49%-ს;

ფონდისთვის პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია:

ა) მაღალტექნოლოგიური და ეკო-მეგობრული წარმოება;
ბ) ინოვაციური წარმოება და სტარტაპები;
გ) ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;
დ) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ეკონომიკური საქმიანობა (გარდა სათამაშო ბიზნესისა), სადაცა საქართველოს ეკონომიკას გააჩნია ფარდობითი უპირატესობა სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით“, - წერია კანონპროექტში.

საქართველოს განვითარების ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:

ა) მაქსიმალური ეფექტიანობა და მხოლოდ იმ პროექტებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოს
არაპირდაპირი წარმოდგენა მინორიტარულ წილში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სხვა
ინვესტიციების მოზიდვას;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი
განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი
პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკის გათვალისწინებით.

ვინ წყვეტს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ საინვესტიციო პროექტის თანადაფინანსებაში შესვლას?

ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტის თანახმადვე, ამისთვის საჭიროა, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება. საინვესტიციო პროექტების შემუშავება კი დირექტორთა საბჭოს ძირითადი ფუნქციაა.

აღსანიშნია, რომ თუ დღემდე საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და საბჭოს წევრები კი არიან მინისტრები, ახალი კანონით სამეთვალყურეო საბჭო მთავრობის წარმომადგენლების გარეშე უნდა დაკომპლექტდეს.


ასევე სიახლეა ისიც, რომ თუ დღემდე საპარტნიორო ფონდს შეეძლება პროექტში თავისი წილის არანაკლებ 25%-ის განკარგვა, ახალი კანონით კი, ეს უფლება უუქმდება და ვალდებული ხდება, გარკვეულ ვადაში ასივე პროცენტი გაასხვისოს.

საქართველოს პარლამენტში "საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში" ცვლილებების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.



“საპარტნიორო ფონდი” 100 მილიონი დოლარის პროექტების განხორციელებას გეგმავს

„საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ ₾134 მილიონზე მეტი შეადგინა - KPMG