მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ევროპაში შესრულებული ფრენებით Ryanair ლიდერობს

6358df44409c0
მარიამ ვარადაშვილი
26.10.22 11:24
471
Eurocontrol-მა ევროპის ბიუჯეტური ავიაკომპანიების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ 1998 წლიდან, როცა მათი წილი ევროპაში 2%-იც არ იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 30%-ს გადააჭარბა.  2022 წელს კი ბიუჯეტური ავიაკომპანიების წილმა 32.5% შეადგინა. 2018 წელს ბიუჯეტური კომპანიები დღიურად საშუალოდ 9 100 ფრენას ასრულებდნენ.

Eurocontrol წერს, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიები ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის ლიბერალიზაციისთანავე დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდნენ. დაბალი საოპერაციო ხარჯების მისაღწევად ბიუჯეტური კომპანიები შედარებით მოკლე მანძილზე პირდაპირ რეისებს ასრულებენ. თავდაპირველად ბიუჯეტური კომპანიები ძირითადად დასავლეთ ევროპაში იყვნენ კონცენტრირებულნი, თუმცა 2004 წელს ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად ამ ავიაკომპანიებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაც დაფარეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამ ტიპის კომპანიებმა დიდი ევროპული ჰაბის ტიპის აეროპორტებიდან დაიწყეს ფრენა, შემდეგ ისინი ამჯობინებდნენ შედარებით პატარა აეროპორტებს. პანდემია სხვა ავიაკომპანიების მსგავსად ბიუჯეტურ ავიაკომპანიებსაც შეეხოთ, თუმცა ევროპაში ბიუჯეტური ავიაკომპანიების წილი თუ 2019 წელს 32% იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 32.5%-მდე გაიზარდა. ზრდით გამოირჩეოდნენ Ryanair და Wizz Air, რომელთაც ოპერირება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 9% და 12%-ით გაზარდეს 2019 წელთან შედარებით.

9 თვის მონაცემებით, ევროპაში შესრულებული რეისებით Ryanair ლიდერობს. ის იანვარ-სექტემბერში დღიურად საშუალოდ 2 854 ფრენას ასრულებდა, რაც 9%-ით აღემატება პანდემიამდე ნიშნულს. მეორე ადგილზეა easyJet დღიურად საშუალოდ 1 367 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. მესამე ადგილს თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines იკავებს, რომელიც 9 თვეში საშუალოდ 1 253 ფრენას ასრულებდა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელი მაჩვენებლის 8%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება Wizz Air Group-ს, მისი დღიური საშუალო ფრენების მაჩვენებელი 660-ს შეადგენს. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ავიაკომპანიამ ფრენები 12-ით გაზარდა.