მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მთავრობა ეკონომიკიდან, გადასახადების სახით, 13 მლრდ ლარის ამოღებას გეგმავს

615c1c1cbc8e8
შოთა ტყეშელაშვილი
05.10.21 14:41
2540
2022 წელს მთავრობა გადასახადების სახით ეკონომიკიდან 13 მილიარდი ლარის ამოღებას გეგმავს - ამის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტშია საუბარი. 2021 წელთან შედარებით გადასახადების მოცულობა ზუსტად 2 მილიარდი ლარით იზრდება. მათ შორის ყველაზე მკვეთრად, 857 მილიონი ლარით საშემოსავლო გადასახადის გეგმა იზრდება. უფრო დეტალურად, 2022 წლის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:

2022 წლის საგადასახადო გეგმა:

● გადასახადების მთლიანი გეგმა - 13,071,400,000 ლარი, მატება 2021 წელთან 2,008,800,000 ლარი;
● დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) გეგმა - 5,359,700,000 ლარი, მატება 2021 წელთან 613,100,000 ლარი;
● საშემოსავლო გადასახადის გეგმა - 4,262,100,000 ლარი, მატება 2021 წელთან 857,100,000 ლარი;
● მოგების გადასახადის გეგმა - 1,359,200,000 ლარი, მატება 2021 წელთან 408,200,000 ლარი;
● აქციზის გადასახადის გეგმა - 1,876,900,000 ლარი, მატება 2021 წელთან 76,900,000 ლარი;
● იმპორტის გადასახადის გეგმა - 84,100,000 ლარი, მატება 2021 წელთან 4,100,000 ლარი;
● სხვა გადასახადების გეგმა - 129,400,000 ლარი, მატება 2021 წელთან 49,400,000 ლარი.

2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, თუმცა მთავრობის საგადასახადო გეგმა 2021 წელთან შედარებით არა 6%-ით, არამედ 18%-ით ანუ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალი ტემპით იზრდება.

მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის გეგმის 4.26 მილიარდ ლარამდე (857 მლნ ლარით) გაზრდა ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წელს ხელისუფლება ქვეყანაში დასაქმების და ხელფასების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას ელის.

სავარაუდოდ, მთავრობის მიერ გადასახადების გეგმის 13 მილიარდ ლარამდე გაზრდა ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსებას ემსახურება, რადგანაც 2022 წელს ხელისუფლება ბიუჯეტით 18.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 13 მილიარდს უშუალოდ გადასახადების აკრეფით დაფარავს. პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს 4.3 მილიარდი ლარის ახალი ვალების აღებას გეგმავს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი 6.9% იქნება.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ 2022 წლის საგადასახადო ბიუჯეტის 2 მილიარდი ლარით გაზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

“მომდევნო წელს მთავრობა აპირებს ეკონომიკიდან 13 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას. ეს არის ის, რაც საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ნამდვილად ავნებს. პოსტ-პანდემიური ეკონომიკიდან 13 მილიარდის გადასახადების აკრეფა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას", - აცხადებს მიხეილ კუკავა.

პარლამენტი ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას უკვე იწყებს.