მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სახელმწიფომ 3 მლნ ლარის "უმნიშვნელო ოდენობის დახმარება" გასცა, ხოლო 2021 წელს - 15 მლნ-მდე

64102a9d673f5
ქრისტინე შამათავა
15.03.23 16:47
730
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს სახელმწიფოს მიერ 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური დახმარების სახით სამი მილიონი ლარი გაიცა, 2021 წელს კი თითქმის 15 მილიონი ლარი.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ყველაზე მსხვილი ორგანოები ბათუმის მუნიციპალიტეტი, შემდგომ კი ოზურგეთის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიებია. 2021 წელს უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გაცემით კი თბილისის მუნიციპალიტეტი ლიდერობდა, სადაც გაცემული დახმარებების საერთო ჯამი 84%-ს შეადგენდა. სიის სამეულში იყვნენ ოზურგეთის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიც.

სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, - ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა წარმოადგენდა. 2021 წელს დახმარების ძირითადი ნაწილი კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით გაიცა, თუმცა 2022 წლის მონაცემებში მსგავსი კატეგორიზაცია წარმოდგენილი არ არის.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება - სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება. თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში 200 000 ლარს.

დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, სააგენტოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.