მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს „წერტიმ“ ორი ახალი ფილიალი გახსნა - ინვესტიცია 300 000 ლარია

63b7ed110dde4
ლიკა მეგუთნიშვილი
09.01.23 09:45
1204
ტრადიციული ქართული სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი „წერტი“, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ნატურალურ პროდუქციასა და ნახევარფაბრიკატებს სთავაზობს, კიდევ უფრო გაფართოვდა და 2022 წელი ორი ახალი ფილიალის გახსნით დაასრულა. ერთი ფილიალი წყნეთში, ხოლო მეორე - ნაძალადევში გაიხსნა. მათი ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენს.

„წერტის“ ახალ ფილიალებში მომხმარებელს ხორცის გარდა, ისეთი პროდუქტებიც დახვდებათ, როგორიცაა: ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, თევზი, ხილ-ბოსტნეული, პურ-ფუნთუშეული, ნატურალური თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და სხვა.

როგორც „წერტის“ დამფუძნებელმა, ბექა გონაშვილმა BMG-სთან განაცხადა, წყნეთის ფილიალში მთავარი პროდუქტი ნატურალური ხორცი იქნება, რომლის დავარგების პროცესსაც მომხმარებელი საკუთარი თვალით იხილავს.

„უკვე ოთხი წელია, რაც „წერტი“ ქართულ ბაზარზე არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ. 2022 წელს ჩვენ ერთდროულად ორი ობიექტი გავხსენით, ერთი წყნეთში, ხოლო მეორე - ნაძალადევში. საერთო ჯამში „წერტი“ უკვე ოთხ ფილიალს აერთიანებს. ნაძალადევის ფილიალში მომხმარებელს ნახევარფაბრიკატების ფართო ასორტიმენტი დახვდება, როგორიცაა: ხინკალი, პილმენი და ა.შ. რაც შეეხება წყნეთის ფილიალს, აქ ძირითადად დავარგებული ხორცის წარმოება მოხდება. ეს არის სასტეიკე, პრემიუმ ხარისხის ხორცის მისაღებად საჭირო პროცესი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი თვალით იხილავს.

რაც შეეხება ასორტიმენტს, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეს ჩვენი საკუთარი წარმოებაა, რომელიც ადგილზე ხდება. სადაც არის ჩვენი ობიექტი, წარმოებაც იქვეა, ეს კი მომხმარებელს ჩვენს წარმოების კულტურაზე მეტ ინფორმაციას აძლევს. ის, რაც „წერტის“ მომხმარებელს ყველაზე მეტად იზიდავს, პროდუქციის ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასებია“, - აცხადებს „წერტის“ დამფუძნებელი, ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, ქსელის გაფართოება 2023 წელსაც გაგრძელდება და კომპანია მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. ის ადგილობრივ ფერმერებთან კოორდინაციითა და ინტეგრაციით მომხმარებელს მუდმივად ჯანსაღ ნედლეულს აწვდის. კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.