მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას ვიწყებთ - ხიდურელი

619a52a522c55
თელარა გელანტია
21.11.21 20:30
2086
„2022 წლიდან ჩვენი სააგენტო კიდევ ერთ, სრულიად ახალ - ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამას ვიწყებთ“, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “Forbes კვირა“-ში განაცხადა.



მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგის გარდა, ყველა პრიორიტეტულ დარგს შეეხება. მისი განმარტებით, სოფლის განვითარების სააგენტოს უკვე დანერგილი აქვს ამ დარგში ექსპორტის დახმარების კომპონენტი, რომელიც ძალიან წარმატებულია.

„ამჯერად მხარდაჭერის კომპონენტი არასასოფლო პორტფელში შემოგვაქვს, რაც ექსპორტიორი კომპანიებისთვის თანადაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით მოიცავს. მაგალითად, ეს იქნება უცხოურ ბაზარზე ქსელში შესვლის მომენტში თანადაფინანსება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა, რადგან ეს საკმაოდ მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ევროპაში. მეორე - ეს არის შეფუთვა და ბრენდინგი, ხოლო მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა - სერტიფიცირება და ლიცენზირება. ამ ახალი პროგრამის მეშვეობით მოხდება 90%-იანი დაფინანსება გრანტის სახით ჩვენი სააგენტოდან, ბუნებრივია, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ეს პროგრამა შეავსებს ყველა იმ მიმართულებას, სადაც დღეისთვის ფინანსებზე ხელმისწავდომობის პროგრამა არ გვქონდა“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მხარდამჭერ უკვე მოქმედ - ბიზნეს ექსპორტის პროგრამას. მისი თქმით, ინდუსტრიული კომპონენტი, რომელიც წლის ბოლოს სრულდება, გადაკეთდა ორ საინტერესო პროგრამად.

„ერთი - ეს არის ბიზნესუნივერსალი, რომელიც ეხება ყველა დარგს და რომლის მეშვეობით ვეხმარებით როგორც სესხის პროცენტის დაფინანსებით, ასევე სესხის მოცულობის უზრუნველყოფით გარანტიით ერთდროულად, ხოლო მეორე ეს არის ბიზნესექსპორტი - ექსპორტიორი კომპანიებისთვის და ექსპორტის სექტორისთვის თანადაფინანსების და გარანტიის პროგრამა, რომელსაც დავუმატეთ 15%-იანი გრანტის კომპონენტი მხოლოდ საექსპორტო დარგებისთვის. შედეგად, მეწარმე შეძლებს აღებული სესხის 15% ქეშბექის სახით უკან დაიბრუნოს ბანკიდან სესხის აღების შემდეგ, რაც შეიძლება მოახმაროს ისევ თავის ბიზნესს. ეს არის კომპონენტი, რომელიც ადრე არ გვქონდა და სრულიად ახალია“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.