მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან გაზსაცავის პროექტის გააქტიურებას ვაპირებთ - ეკონომიკის სამინისტრო

61b74d748b2fc
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 17:50
887
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მთავრობა მომდევნო წლიდან გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით გააქტიურებას გეგმავს. პროექტს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) ახორციელებს.

საქმე იმაშია, რომ პროექტის დაფინანსების ძირითადი წყარო აღარ არსებობს, რადგანაც გგერმანიის განვითარების სააგენტოსთან (KFW) 2018 წელს ხელმოწერილი 150 მილიონი ევროს სესხი, რაც გაზსაცავზე უნდა დახარჯულიყო, 2020 წელს გადამისამართდა და 120 მილიონი ევროს ოდენობით პანდემიურ ხარჯებზე მიიმართა. დავით თვალაბეიშვილის თქმით, მომდევნო წლიდან მთავრობა პროექტის დაფინანსების ახალი გზების ძიებას დაიწყებს, იქამდე კი GOGC-ი პროექტის პირველ ფაზას მის სახსრებში არსებული თანხებით დაიწყებს.

"მომავალი წლიდან ჩვენ ვაპირებთ ამ პროექტის გააქტიურებას და იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ პირველი ფაზა გაზსაცავის მშენებლობის, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ჭაბურღილის გაბურღვას და საინჟინრო პროექტის საბოლოოდ დასრულებას, ეს უნდა განვახორციელოთ.

მთლიანად არ მომხდარა გადამისამართება, გარკვეული თანხა დატოვებულია. ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ევრო, დაახლოებით, 30 მილიონ ევრომდე.

ამასთან დაკავშირებით განხილვები იქნება მთავრობაში და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მთავარია პირველი ფაზა დავიწყოთ მომავალ წელს. რაც შეეხება მთლიან დაფინანსებას, ალბათ ეს გაირკვევა წლის ბოლომდე, მაგრამ პირველ ფაზას დასრულებამდე, დაახლოებით, წელიწადნახევარი სჭირდება. შესაბამისად, დრო გვაქვს, რომ დავასრულოთ დაფინანსება ამ პროექტის,” - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ოქტომბერში პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ ჩატარებული პირველადი კვლევები მეტყველებდა იმაზე, რომ გაზსაცავის პროექტი კომპანიისთვის წამგებიანი იყო. მისი თქმით, თუკი მაინც გადაწყდება წამგებიანი პროექტის განხორციელება, ის არა კორპორაციამ, არამედ ცენტრალურმა ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს.

“კომპანიის მიერ გაკეთებული პირველადი კვლევა (Feasibility Study) აჩვენებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო მოგებიანი კომპანიისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში, რაც გაკეთდა წინასწარი კვლევები, ეს იქნება კომპანიისთვის მნიშვნელოვნად წამგებიანი და ყოველწლიურ ზარალზე გაიყვანს კომპანიას, თუმცა ეს კვლევები არ არის დასრულებული, კიდევ გრძელდება კვლევები და სხვადასხვა მეთოდით შეფასებები. თუ ეს პროექტი არის ზარალიანი, მაშინ კომპანიამ ცალსახად ეს პროექტი არ უნდა გააკეთოს, ხოლო თუკი ეს არის უსაფრთხოებისთვის, მაშინ ბიუჯეტის გასაკეთებელი პროექტია,” - განაცხადა კაკაურიძემ.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ.

გაზსაცავის მოცულობა, დაახლოებით, 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება, მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ. პროექტის ღირებულება პირობითად 250-300 მილიონი დოლარია, თუმცა საბოლოო საფასური განსაზღვრული არაა.

გაზსაცავის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა და მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა.