მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის 6 თვეში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა

62c584349711c
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.22 19:06
2254
2022 წლის 6 თვეში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსავალი შევიდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავალი 10.7 მილიარდი ლარი იყო, რაც გეგმის 107%-ს შეადგენდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის (ცენტრალური მთავრობის) შემოსავალი 9.1 მილიარდისგან შედგებოდა, რაც გეგმის 103% იყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებით შესრულების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მან 2022 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა.

"დადებითი ტენდენციებია ბიუჯეტის შესრულების მიმართულებითაც, კერძოდ, 2022 წლის პირველ ნახევარში:

• ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 107 პროცენტია;
• გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი (105%), საგადასახადო შემოსავლებიც (102%). ასევე, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 8 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებამ წლის პირველ ნახევარში 1,1 მილიარდი ლარი შეადგინა;
• პრივატიზაციიდან მიღებულმა თანხამ 208 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 112 პროცენტია;
• 100 პროცენტით არის შესრულებული სესხების დაბრუნების მაჩვენებელიც, რომლის მოცულობაც 65 მლნ ლარს შეადგენს;
• ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა (103%) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მილიარდი ლარი შეადგინა;
• ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 10,1 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მიიმართა 2,2 მილიარდი ლარი, რაც 230 მილიონი ლარით (12 პროცენტით) აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
• ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4 პროცენტისა, მისი მაჩვენებელი 3,5 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.