მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის 7 თვეში საწვავის იმპორტში რუსეთი ლიდერობს - კონკურენციის სააგენტო

62fca5b64991a
მარიამ ვარადაშვილი
17.08.22 12:37
826
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი ლიდერობს.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 1547 ერთეული შეადგინა, რაც სააგენტოს შეფასებით, ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში 60.88%-ს შეადგენს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%.

აღსანიშნავია, რომ აპრილი-ივლისის პერიოდში, მზარდია რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულუბა და თუ აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის წილი 40%-მდე იყო, ივლისში ამ მაჩვენებელმა 60%-ს გადააჭარბა. 


შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%.

მონიტორინგი ასევე მოიცავს ნავთობის ფასის ცვლილებას მსოფლიო ბაზარზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდი გამოირჩეოდა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ტრენდით. ფასის მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს - 128 USD, რის შემდეგაც ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში ფასი მერყეობდა 100-120 USD-ს ფარგლებში, ხოლო 6 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 94.92 USD - ნედლი ნავთობის ფასი პრაქტიკულად დაუბრუნდა 2022 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პიკური მაჩვენებელი 10 მარტს დაფიქსირდა, რის შემდეგაც დღემდე შენარჩუნებულია გამყარების ტენდენცია. 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან გამყარებულია 36 პუნქტით - 11.7%-თ.

“განსახილველ პერიოდში, როგორც ლარის კურსის, ასევე ნავთობის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა და ზოგადი ტურბულენტობის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საცალო ფასებზე მსჯელობის ნაწილში გამოიყენოს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ეკონომიკური აგენტების მიერ ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის ფასი. ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საცალო ფასის მაკომპლექტებელი სხვა ფაქტორები, კერძოდ გადასახადები - დღგ, აქციზი და საოპერაციო დანახარჯები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ივნისი-ივლისის პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 85-90% მოდის 2 ქვეყანაზე - რუსეთის ფედერაცია და რუმინეთი”,-წერია ანგარიშში.

სააგენტოს განცხადებით, რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.

ამას გარდა, რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება საბითუმო გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს.