მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 480 მილიონით იზრდება

632189d7ae586
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.22 17:37
1506
საქართველოს მთავრობა 2022 წლის ბიუჯეტს ცვლის - კორექტირებები შედის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში და ის 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე იზრდება. მთავრობის განცხადებით, ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. თავდაპირველი პროექტით, წელს 13.42 მილიარდის მოცულობის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, განახლებული ბიუჯეტით კი 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება არის გათვალისწინებული. გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების გათვალისწინებით, მთავრობა ახალი ვალის აღებას ამცირებს. თუკი თავდაპირველი პროექტით წელს 4.35 მილიარდის ახალი ვალების აღება იყო გათვალისწინებული, ახალი პროექტით მთავრობა 3.64 მილიარდის ახალ ვალებს აიღებს.

განახლებული ბიუჯეტი 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის გათვლილი, ნაცვლად 6%-იანი ზრდისა, რომელიც ბიუჯეტში აქამდე იყო. ახალი ეკონომიკური პროგნოზით, წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ მიმდინარე ფასებში რეკორდულ 72.2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. განახლებული პარამეტრებით მცირდება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და ის 4.4%-ის ნაცვლად 3.2% იქნება.

სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის უწყებას ექნება და ის 6.23 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი - ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადება:

• მიმდინარე წელს სოცდაუცველი ბავშვების დახმარება გაიზარდა 50 ლარით და გახდა 150 ლარი თვეში. ამის ასახვა ხდება ბიუჯეტში და გამოიყოფა 86 მილიონი ლარი;
• საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დავიწყეთ, რისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონი ლარი;
• ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი. მათ შორის არის კოვიდის მკურნალობისთვის დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 45 მილიონი ლარით;
• ასევე ახალი პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა ვაუჩერებით დახმარებას და ეს პროგრამა დაანონსდა რამდენიმე თვის წინ, ამისთვის გამოიყოფა დამატებით 40 მილიონი ლარი;
• რთველის დაფინანსებას დაემატება 40 მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს დაემატება 70 მილიონი ლარი, მათ შორის 55 შეღავათიან აგროკრედიტზე დაიხარჯება;
• თავდაცვის სამინისტროსთვის გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცთა ბინების მშენებლობა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა;
• ასევე ვიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1,100-ზე მეტი ბინის მშენებლობა იგეგმება. ასევე სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი;
• სპორტის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა დამატებით 43 მლნ ლარი და ეს არის ძირითადად ჯილდოები;
• თბილისში ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით;
• რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს ემატება 130 მილიონი ლარი;
• ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის 21 წლამდელთა ჩემპიონატის სამზადისს, სტადიონების მშენებლობას და რეაბილიტაციას.