19.ივლისი .2022 14:14

2022 წლის ბოლომდე ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

2022 წლის ბოლომდე ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა გაიმართება
views 585
უკან

ტაშკენტში მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდება, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს სტუმრობს, მათ შორის არის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. უწყების ცნობით, მთავრობათშორისი კომისიის სხდომის გამართვის შესახებ მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით უზბეკეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე უზბეკეთისთვის. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული მიზნები, რომელსაც ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განვახორციელებთ. გადაწყდა, რომ ტაშკენტში მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც ძალიან კონკრეტული პროექტების განვითარებაზე იმსჯელებს. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში ყველაზე მეტი პოტენციალი გააჩნია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ექსპორტის და იმპორტის გაზრდა ორივე მხრიდან, ისე რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ქართველ მეწარმეებს და ასევე უზბეკეთის მხრიდან ხელი შეეწყოს უზბეკ მეწარმეებს მეტი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით.

ძალიან გაზრდილია დაინტერესება ე.წ. შუა დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ უზბეკეთთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მიმდინარე წელს რეკორდული რაოდენობის ტვირთბრუნვა გვაქვს უზბეკეთთან. გადავასწარით 2018 და 2019 წლის შედეგებს და მიმდინარე წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ გაორმაგებული იქნება ეს რიცხვი და რამდენიმე ასეული ათასი ტონის გადაზიდვას ვახერხებთ რკინიგზით და ქართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, თუმცა საუბარია იმაზე, რომ პოტენციალი ბევრად უფრო დიდია და აქ საუბარია ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ინვესტირებაზე ქართულ ინფრასტრუქტურაში.

მათ შორის, ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე, სამრეწველო კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენ ტექნოპარკში დავსახეთ გეგმები, რომ ქართული თავისუფალი ეკონომიკური და სამრეწველო ზონების დაკავშრება მოხდეს ტაშკენტის ტექნოპარკთან და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, იმისთვის, რომ უზბეკმა და ქართველმა მწარმოებლებმა ისარგებლონ მაქსიმალურად იმ უპირატესობებით, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებას.

იცით, რომ გაზრდილია პირდაპირი ფრენები ტაშკენტს, თბილისსა და ბათუმს შორის. დაემატა ბათუმის მიმართულება, მაგრამ საუბარია ამ შემთხვევაში სამარყანდიდან და ბუხარადან დამატებითი რეისების დანიშვნაზე საქართველოში. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქუთაისის მიმართულებითაც დაემატოს რეისები და რეალურად, გავზარდოთ ტურისტების ნაკადი უზბეკეთის მხრიდან და ასევე საუბარია იმაზე, რომ უზბეკმა ინვესტორებმა სრულად შეისწავლონ ქართული ტურისტული პოტენციალი და მოახდინონ ინვესტიციების განხორციელება ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა