მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის გაზაფხულზე ტურისტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მზად ვართ - „შოვი რეზორტი“

6186666b6b4c9
ანუკა ჯოხაძე
06.11.21 17:00
1456
უკვე წლებია ყაზახი ინვესტორები შოვში ტურისტული კომპლექსის მოწყობას ცდილობენ - საუბარია 50 მლნ დოლარის ინვესტიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ „შოვი რეზორტი“ კურორტზე მიწის ნაკვეთს წლებია ფლობს, ამ დრომდე ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემის გამო პროექტს ვერ იწყებს. მიმდინარე წლის აგვისტოში ინვესტორმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პროექტის განხორციელებას შოვის გენგეგმის დამტკიცება აფერხებდა. მათი თქმით, იმის გამო რომ ეს დოკუმენტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა, კურორტზე ქაოსური განაშენიანების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც მაშინ ინვესტორს ჰქონდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აუქციონების დროებით შეჩერება იყო.

დღეს კი, როგორც BM.GE-თან პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ფაილოძე აცხადებს, ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან შეთანხმება მიღწეულია, შესაბამისად, ინვესტორი მზად არის, შოვში სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

“პროექტი, დღეს ისეთ ეტაპზეა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან გვაქვს მზადყოფნა, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენგეგმის შეთანხმება, სახელმწიფოსთან კომუნიკაცია და ჩვენი მხრიდან სრული საინვესტიციო პროექტის შეკვრა. გენგემის დამტკიცების და შეთანხმების პროცესი ბიუროკრატიულ პროცესებთან არის დაკავშირებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქტიურობის და მიმართვის შედეგად ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ცენტრალურ მთავრობასთან. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ეს გენგეგმა მალე შეთანხმდება“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ფაილოძე.

ცნობისთვის: შოვის კურორტის ტერიტორიის 60% ყაზახი ინვესტორების ჯგუფმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიძინა. ტერიტორიის მფლობელი კომპანია „შოვი რეზორტი” კურორტის ტერიტორიაზე 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც იქნება რესტორნები, სპა და ბალნეოლოგიური ზონა, გასართობი თუ დახურული სივრცეები. ამავე დროს, ტერიტორიაზე განთავსდება 30-მდე კოტეჯი.