მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის მთავარი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მოვლენები

63aed2872bf33
გიორგი თოლორდავა
31.12.22 12:00
781
2022 წელი ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ მოვლენებით გამორჩეული წელი იყო. რუსეთ-უკრაინის ომმა საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟა თავდაყირა დააყენა, დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა კი გლობალური ეკონომიკური დღისწესრიგი კარდინალურად შეცვალა. 

გთავაზობთ, წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს თვეების მიხედვით:


იანვარი

1. Goldman Sachs-ის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის რეკორდულად გაძვირების პროგნოზი გაავრცელა.
2. ბელგიის მთავრობამ 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
3. რუსული სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან მობილიზაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასების ზრდა დაიწყო.
4. ჩინეთში Huaneng Power-მა მსოფლიოში უდიდესი, 320-მეგავატიანი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტაიკური ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.
5. გერმანიის მთავრობამ 2022 წლის ბოლომდე ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თებერვალი

1. ემანუელ მაკრონმა 2050 წლამდე საფრანგეთში მინიმუმ 6 ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა.
2. Shell-მა ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის უმსხვილესი, 20-მეგავატიანი დანადგარი აამოქმედა.
3. საფრანგეთის მთავრობამ საწარმოო ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6-მილიარდიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
4. რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
5. კომპანიებმა და ტრეიდერებმა მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის შესყიდვა დროებით შეწყვიტეს.

მარტი

1. ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა რეკორდულ 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
2. გერმანიის კანცლერმა მილსადენ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
3. საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 80 მილიარდი დოლარი გამოყო.
4. აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
5. კანადამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.

აპრილი

1. Saudi Aramco-მ ჩინეთთან $10-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ნავთობის გადამამუშავებელი და ქიმიური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს.
2. ენერგოკრიზისის ფონზე, გერმანიის ხელისუფლებამ გაჩერებული ქვანახშირის ელექტროსადგურების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
3. იაპონიამ რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
4. გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში პირველი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენება გადაწყვიტა.
5. დიდმა ბრიტანეთმა რუსული ქვანახშირის, თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა.

მაისი

1. რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროკავშირმა ახალი ამბიციური გეგმა - REPowerEU წარადგინა, რომელიც 2030 წლამდე რუსული ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
2. ნავთობის გაძვირების ფონზე, Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა - წლის I კვარტალში პლანეტის უმსხვილესი კომპანიის მოგებამ თითქმის $40 მილიარდი შეადგინა, რაც 82%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
3. აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.
4. იტალიაში რუსული ნავთობის იმპორტი გაოთხმაგდა - რეკორდულად გაზრდილი შესყიდვების მიზეზად მთავრობამ რუსული ნავთობის სიიაფე დაასახელა.
5. ლიეტუვა ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტა.

ივნისი

1. იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების მიზნით, გერმანიის მთავრობამ მცურავი LNG ტერმინალები იჯარით აიღო.
2. საუდის არაბეთის მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და Arab Light Crude-ის ღირებულება 3%-ით გაზარდა. ნავთობის რეალიზაციით მიღებული რეკორდული მოგების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
3. LNG-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორი სახელმწიფოს წოდება მოიპოვა, მან აშშ-ს გადაუსწრო.
4. რუსეთის ფედერაცია ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა, დღიურმა მოცულობამ 2 მილიონი ბარელი შეადგინა.
5. ინდოეთმა რუსული ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი რეკორდულად გაზარდა, ყოველდღიური შესყიდვების საშუალო ღირებულებამ $110 მილიონს მიაღწია.

ივლისი

1. ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
2. ჩინეთის ბაზარზე რუსეთთან კონკურენციის მიზნით, ირანმა ბარელი ნავთობის ფასი რუსულ Urals-თან შედარებით 10 დოლარით შეამცირა.
3. აშშ-ის ენერგეტიკულმა სამინისტრომ ქვეყნის სტრატეგიული რეზერვებიდან საერთაშორისო ბაზარზე დამატებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანა. საერთო ჯამში, ბირჟაზე გატანილი ნავთობის მოცულობამ 125 მილიონ ბარელს მიაღწია.
4. ევროპარლამენტმა ბუნებრივ აირისა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.
5. რუმინეთმა Midia Gas Development-ის საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო - წლიური გამომუშავების სავარაუდო მოცულობა 500 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

აგვისტო

1. ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი სრულად აკრძალა.
2. თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა - დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია.
3. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი ნავთობის ღირებულება რუსეთ-უკრაინის ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
4. ჩინეთის რუსული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა, იმპორტის ყოველთვიურმა საშუალო მაჩვენებელმა 7.2 მილიონ ტონას მიაღწია.
5. ევროკავშირმა აგვისტოდან 2023 წლის მარტის თვემდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სექტემბერი

1. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსული წარმოშობის ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დაწესების ინიციატივაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია ლიმიტის რუსულ გაზზეც განიხილავს.
2. გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა, რომელიც ბერლინის საწვავით მომარაგების 90%-ს უზრუნველყოფდა.
3. რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. მარტ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 20-30 მილიონი დოლარი იყო, ზაფხულში კი საბიუჯეტო შემოსავლები 11-12 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
4. Gazprom-მა გერმანიას Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
5. გერმანიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Uniper-ის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ოქტომბერი

1. ოქტომბერში პოლონეთ-ნორვეგიას შორის „ბალტიკური მილსადენის“ მონაკვეთი გაიხსნა, ნორვეგია პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგომიმწოდებელი გახდა.
2. გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა.
3. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაწესებას ითვალისწინებს.
4. რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ, Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგინა.
5. ნავთობს ექსპორტიო ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟას ნავთობის დღიური მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირა.

ნოემბერი

1. თურქეთში უდიდესი, 1.9 მლრდ კვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური და "იუსუფელის" 275-მეტრიანი კაშხალი ოფიციალურად გაიხსნა.
2. ისტორიული შეთანხმება შედგა: კატარი მომდენო 15 წლის განმავლობაში გერმანიას ყოველწლიურად 2 მილიონ კუბურ მეტრ თხევად აირს (LNG) მიაწვდის.
3. EU-ს სანქციების გამო, რუსული LUKOIL-ის ნავთობი ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის.
4. 2035 წლიდან ევროკავშირის მასშტაბით ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიდაწვისძავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა სრულად აიკრძალა.
5. იტალიის მთავრობამ LUKOIL-ის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა.

დეკემბერი

1. G7-ისა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესეს, ზედა ჭერი ბარელ Urals-ზე 60 დოლარით განისაზღვრა.
2. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო აამოქმედა, 5 დეკემბრიდან EU-ში საზღვაო გზით რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალა.
3. ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს.
4. რუსეთმა ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს ნავთობის ექსპორტი აუკრძალა.
5. ევროკავშრის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.

წყარო - Forbes.ge