მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება ₾401,2 მლნ-ით განისაზღვრება

634529fa1b89f
BM.GE
11.10.22 13:56
942
„2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 401,2 მილიონი ლარით განისაზღვრება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტი წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება.

რაც შეეხება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსურ პარამეტრებს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაიგეგმა, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 21 302,0 მლნ. ლარით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 24,3 მლრდ. ლარით განისაზღვრა.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებში დაიგეგმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების და პროგრამების დაფინანსების გაზრდის დინამიკა შეინიშნება და კომიტეტი მიესალმება ტენდენციას, თუმცა სპორტის სფეროს რიგი მიმართულებები, ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას ჯერ კიდევ საჭიროებენ.

ამ კუთხით,კომიტეტის თავმჯდომარემ, სპორტის ინფრასტრუქტურისთვის და ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და ფინანსთა სამინისტროს დამატებითი რესურსების გამოყოფის წინადადებით მიმართა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საბიუჯეტო პროექტზე განხილვები გრძელდება და როგორც სამინისტროებთან, ასევე კომიტეტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება.

კომიტეტების წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველად ვერსიას, მხარი დაუჭირეს.