მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მთავრობის ხელფასები 378 მილიონი ლარით იზრდება

633acb19e32cb
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 18:42
3615
2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 378 მილიონი ლარით იზრდება და ის 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ხელფასების ასეთი ზრდა უკანასკნელ წლებში არ მომხდარა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო წელს 112,852 იქნება.

პარალელურად, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც 2023-2026 წლებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურებების ზრდას ითვალისწინებს. აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორების ანაზღაურებებს შორის ჩამორჩენა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც საჯარო სამსახურის კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. მისი განცხადებით, 2026 წლისთვის საჯარო სამსახურში საშუალო ანაზღაურება კერძოს არანაკლებ 80% უნდა იყოს.

ამ სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად სპეციალური ფორმულით გადაიხედება. ყოველწლიურად ხელფასის მატება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება.

საქსტატის უკანასკნელი ინფორმაციით, საჯარო სექტორის საშუალო ხელფასი თვეში 1024 ლარს შეადგენს, ხოლო არასახელმწიფო სექტორის საშუალო ანაზღაურება 1,284 ლარია.