მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლამდე დარეგისტრირებული მიწები სოც.დაუცველის სტატუსზე არ აისახება - პარლამენტის ინიაციტივა

6017fb4e46cdc
ინგა მურუსიძე
01.02.21 17:09
1700
პარლამენტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთრებაში არსებული მიწები დაირეგისტრირონ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლითაც დეპუტატების ნაწილი სოციალურად დაუცველებისთვის მიწის რეგისტრაციის შესახებ შეღავათის მოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

ცნობისთვის: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ დღეს მოქმედ კანონში  წერია, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული მიწა სოციალურ დახმარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა როგორც დეპუტატმა ხატია წილოსანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ჩატარდა სიტუაციის ანალიზი და დადგინდა, რომ მიუხედავად შეღავათისა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დიდი ნაწილი მიწებს არ ირეგისტრირებს, რადგან ფიქრობს, რომ ამის გამო სოციალური შეღავათები ჩამოერთმევა.

„2021 წლის 1 იანვრამდე იყო შეღავათები მიცემული სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული ადამიანებისთვის მიწების რეგისტრაციაზე. ეს შესაძლებლობა არ არის გამოყენებული და ვადა გახანგრძლივდება 2023 წლის 1 იანვრამდე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოტივაცია, რომ არ დაერეგისტრირებინა მიწა, ის იყო, რომ დაკარგავდნენ სოციალურ დახმარებას“, - განაცხადა ხატია წილოსანმა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიწების დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

ინიციატორი კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას ითხოვს.