მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელი საბანკო სექტორზე გავრცელდება? - პასუხები

636a55f35046f
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 17:16
710
"ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება" - ასე პასუხობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე Bm.ge-ის კითხვას, თუ რა ეტაპზეა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საბანკო სექტორზე გავრცელების პროცესი.

საქმე ეხება მოდელს, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. აღნიშნული სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა, ხოლო საფინანსო სექტორზე ის 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. ახლა კი სექტორში გაჩნდა მოლოდინი, რომ მისი ამოქმედება კვლავ გადავადდება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, "ეს იდეა რჩება, თუმცა სიახლე არაფერია".

"საბანკო სექტორი არის მომგებიანი, მდგრადია და ვითარდება. ისინი მოგების გადასახადს იხდიან, აქედან გამომდინარე, ალბათ მსჯელობის დონეზე ეს პროცესები გაგრძელდება. ეს იდეის დონეზე იყო და სიახლე ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ გვაქვს", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საკითხზე განახლებულ ინფორმაციას არ ფლობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. გავრცელდება თუ არა 2023 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელზე ბანკებზე, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძეს აქვს, მაგრამ ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ის ბანკებისთვისაც შევა ძალაში.

„საფინანსო ინსტიტუტებში აღნიშნული მოდელის ამოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადავადება თუ მოხდება, ეს ცოტა უფრო ადრე იყოს ცნობილი, რათა პროგნოზირების უფრო კარგი საშუალება გვქონდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებითვე, საქართველოში ესტონურ მოდელს ორი იდეა აქვს. პირველი - რეინვესტირების წახალისება და მეორე - დაგროვების წახალისება.

მისივე თქმით, ლარიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება მეტი ლარი დარჩეს ბანკში, რომელსაც მულტიპლიკატორის ეფექტიც აქვს. "ამ თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ იმ მოგების გადასახადმა, რომელიც არ იქნება საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან გადახდილი, პრაქტიკულად თითქმის ათმაგი ოდენობით ჩაანაცვლოს ის უცხოური ვალუტით დაფინანსება, რაც დღეს არის", - დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.

რამდენი მილიონის მოგების გადასახადს იხდიან ბანკები