მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ

63a5ba1b5bab1
ელენე გოგბერაშვილი
24.12.22 16:30
694
მომავალი წლიდან, სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 ივნისიდან შევა. საწარმოებს უჩნდებათ ვალდებულება გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ან შესაბამისი პოლისი იყიდოს სადაზღვევო ინდუსტრიიდან, ან საბანკო გარანტია წარმოადგინოს. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ეს მათი მთავრობის დადგენილებით საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„კანონმა შემოიტანა ახალი ვალდებულება მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევის სისტემას. ეს ეხება მსხვილ საწარმოებს და ძირითადად ეხება ისეთ საწარმოებს, რომლებიც გარემოსდაცვით ნებართვებს ფლობენ სახელმწიფოსგან, მათ თავიანთი საქმიანობა უნდა დააზღვიონ გარემოს რისკებისადმი, ანუ თუ პირობითად მათი საქმიანობის შედეგად გარემოს ზიანი მიადგა, ეს საკითხი წინსწრებით უნდა იყოს დაზღვეული და საწარმოს უნდა ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსი მობილიზებული იმისთვის, რომ მყისიერად დაიწყოს გარემოს მდგომარეობის გამოსწორება, დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის ზომების გატარება და ამისთვის მას წლები არ უნდა დასჭირდეს“,-აცხადებს BM.GE-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ამავე კანონით, 2023 წლიდან შეიქმნება ასევე გარემოსდაცვითი ფონდი, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საწარმოების მიერ გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფონდის სახსრები გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„როდესაც პირი, გარემოს ზიანს აყენებს, მას ჯარიმასთან ერთად გარკვეულ შემთხვევებში უწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდა, ანუ ერთი არის ის, რომ ჯარიმას იხდის კონკრეტული დარღვევისთვის, მეორეა, რაც ზიანი მიაყენა რიგ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ მონეტარულ პასუხისმგებლობას, ანუ ფინანსური პასუხისმგებლობის მექანიზმს. აი სწორედ წარმოქმნილი ზიანის თანხები ჩაირიცხება ფონდში, და შემდგომ მოხმარდება გარემოსდაცვის პროექტებს“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.