მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან თბილისის აეროპორტს MasterPlan-ი ექნება, რომელსაც სახელმწიფოს TAV-ი აჩუქებს

62de66d33833b
თელარა გელანტია
25.07.22 18:48
5711
2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გენერალური გეგმა ე.წ. MasterPlan-ი ექნება, რომელიც მომდევნო 20 წლის მანძილზე აეროპორტის განვითარების გეგმას მოიცავს.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მსგავსი სახის დოკუმენტის შექმნას, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, იქნება ეს ავიაციისთვის თუ რკინიგზისთვის.

გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ მან თქვა, რომ აეროპორტის ე.წ. MasterPlan-ის შექმნა ოპერატორმა კომპანიამ თავის თავზე აიღო და პროექტს, რომლის ღირებულებაც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე $500 000-ზე მეტს აღემატება, TAV-ი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.

"თბილისის და ზოგადად აეროპორტების განვითარების გეგმა არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ასევე თავად აეროპორტისთვის, მით უმეტეს როდესაც საუბარია დედაქალაქის აეროპორტზე. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია კომპანია ADPI, რომელიც გენერალური გეგმების შემუშავების მხრივ, მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა. კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით როგორც საქართველოში, ასევე პარიზში - მივაღწიეთ შეთანხმებას და დავიწყეთ მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე. განვითარების გეგმა 20 წელზე იქნება გაწერილი ანუ მომავალი 20 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს აეროპორტი, ამაზე იმუშავებს ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანია.

რაც შეეხება განვითარების გეგმას, ამ მიმართულებით წლებია ვფიქრობთ და ამ დოკუმენტს ველოდებოდით, რადგანაც ზოგიერთ ქვეყანაში განვითარების გეგმას აკეთებს სახელმწიფო, მაგრამ ვინაიდან გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის მომზადებაზე და ასე ვთქვათ, ეს იქნება ჩვენი საჩუქარი სახელმწიფოსთვის, რადგანაც უახლოესი 20 წლის განმავლობაში ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იქნება“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისი თქმით, როცა ქვეყანა, ქალაქი ვითარდება ის მოითხოვს სხვა ინფრასტრუქტურას და განვითარების გეგმის შემუშავების აუცილებლობაც, სწორედ ქალაქის ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ განაპირობა.

"როცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ აეროპორტთან შენდება სასტუმრო, რომელსაც აშენებს ფრანგული კომპანია, მართალი გითხრათ, აუცილებლობა დავინახეთ იმის, რომ გაგვეკეთებინა ხედვა, მომავალი განვითარების გეგმა. ADPI, ამ მხრივ მართლაც კომპეტენტურია და ვთხოვეთ ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ იქნება აეროპორტთან თანხვედრაში ეს ახალი სასტუმრო. ვთხოვეთ კომპანიას, რომ წლის ბოლომდე დაასრულოს გეგმაზე მუშაობა. 2023 წლის 1-ელ იანვარს ჩვენ ფაქტობრივად, ახალ გენერალურ გეგმას მივიღებთ. სასტუმრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგანაც ის 250 მეტრში მდებარეობს მოფრენის ტერმინალიდან. რეალურად ეს იყო უმთავრესი მიზეზი, თუმცა ბევრი სხვა მიზეზიც გვაქვს", - ამბობს ზაქარაძე.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურა უკვე მოძველებულია.

„17 წლისაა თავად შენობა. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა მგზავრის პროფილი, ასევე მგზავრობის პროფილი. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი, კერძო რეისები სრულდება, პატარა ბორტებით და გვინდა, რომ სამომავლოდ ცალკე გავიტანოთ ეს მიმართულება და ცალკე ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოთ. ასევე ძალიან მომძლავრდა სატვირთო გადაზიდვები, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც დამატებით კარგო ინფრასტრუქტურას მოითხოვს. შეიძლება, ხვალ და ზეგ დადგეს იმის საჭიროება, რომ მეორე ასაფრენი ზოლის სასწრაფო გარემონტება დადგეს დღის წესრიგში. ასევე დამატებითი სადგომები ხომალდებისთვის. ასე რომ, რაც ჩვენ გვჭირდება, რისი აუცილებლობაც დადგა ეს ყველაფერი გავუზიარეთ ამ კომპანიას, რომელმაც გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

ფრანგული კომპანია ADPI-ს წარმომადგენლები საქართველოში აგვისტოში ჩამოვლენ, რომლებიც უკვე ადგილზე გაეცნობიან ინფრასტრუქტურა და ექნებათ შეხვედრები ყველა იმ სტრუქტურის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ TAV-ს საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, გენერალური გეგმის შემუშავება და შემდგომ ამ გეგმის მიხედვით მოქმედება ნებისმიერი ოპერატორისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

"TAV Georgia-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურება, ხოლო მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. მაგრამ მე ვფიქრობ აქ მნიშვნელოვანია არაა აეროპორტი TAV-ის მართვაში იქნება თუ სხვა კომპანიის. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ აეროპორტებში. მე პირადად 2005 წლიდან ვარ მოწმე და მონაწილე ამ ყველაფრის და ძალიან გამიხარდება თუ ყველაფერი სწორი დაგეგმვით წავა. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა კომპანია ვინ იქნება, მთავარია სწორად იმოქმედოს და სწორად განავითაროს ინფრასტრუქტურა, რადგანაც ბევრი რამეა დამოკიდებული სწორ აეროპორტზე და სწორად მართულ აეროპორტზე", - განმარტავს თეა ზაქარაძე.

გადაცემა "საქმიანი დილის“ რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვის ვადებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავარია, მართვა სწორი გეგმით გაგრძელდეს.

„არსებული ხელშეკრულებით, TAV-ს საქართველოში მოღვაწეობის ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურება თბილისში, ხოლო იმავე წლის მაისში - ბათუმში, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არაა, TAV-ი მართვაში იქნება თუ არა ან ვის მართვაში იქნება აეროპორტები. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ აეროპორტების განვითარებაში. მე პირადად 2005 წლიდან ვარ მოწმე და მონაწილე ამ ყველაფრის. ნამდვილად გამეხარდება თუ სწორი დაგეგმვით წავა პროცესი. ჩვენ ვიქნებით, თუ არ ვიქნებით <აეროპორტების მართვაში>, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ვინც იქნება მმართველი კომპანია, უნდა იმოქმედოს სწორი გეგმით, სწორად განავითაროს აეროპორტის ინფრასტრუქტურა, რადგან ძალიან ბევრია დამოკიდებული სწორ აეროპორტზე და სწორად მართულ აეროპორტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.