მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან ხორვატია ევროზონას შეუერთდება

629da57e9e19c
გიორგი არონია
06.06.22 11:13
1707
2023 წლის 1-ელ იანვარს ხორვატია ევროზონას შეუერთდება და რიგით მე-20 ევროპული სახელმწიფო იქნება, რომელიც ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპული კომისიის ანგარიშში ვკითხულობთ. საინტერესოა, რომ ევროზონაში მოსახვედრად ხორვატიას, რომელიც ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა.

ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმა შემდეგია: ივნისში, ევროპული კომისიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ, ხოლო ერთი თვის შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები ხორვატიის იმ გაცვლით კურსს დაადგენენ, რომლითაც ხორვატიის ეროვნული ვალუტა, კუნა ქვეყნის ევროზონაში შესვლის მომენტიდან ევროში გადაიცვლება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების შეკრების შემდეგ, სავალუტო რეჟიმის ცვლილებისთვის მოსამზადებლად ხორვატიას ექვსი თვე ექნება.

„წლევანდელი კონვერგენციის ანგარიში ისტორიულ მომენტს წარმოადგენს ხორვატიის მიერ ევროს ოფიციალურ ვალუტად გამოცხადების გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ დეკადაზე ნაკლებ დროში, 1-ელ იანვარს ხორვატია ევროზონას შეუერთდება. ჩვენი ანგარიშის თანახმად, ხორვატია კონვერგენციის ოთხივე ნომინალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხოლო მისი საკანონმდებლო ბაზა სრულ თანხვედრაშია ევროპული ცენტრალური ბანკების სადამფუძნებლო ხელშეკრულებასთან და კანონმდებლობასთან. ევრო გააძლიერებს ხორვატიის ეკონომიკას და დოვლათს შეუქმნის მის მოქალაქეებს, ბიზნესებსა და საზოგადოებას“.