მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან მელიორაციაში ახალი ტარიფები ამოქმედდება - სემეკი ორი ტიპის გადასახადის დადგენაზე მუშაობს

6483278925dca
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.23 18:00
856
2024 წლიდან ირიგაცია/მელიორაციაში წყლის მოხმარების ახალი ტარიფები ამოქმედდება. ამავე პერიოდიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ირიგაციის სექტორის რეგულირებას იწყებს, რა დროსაც ახალ ტარიფებს და მომსახურების პირობებს განსაზღვრავს. შედეგად მელიორაციის ისეთ სერვისები, როგორებიცაა მორწყვა, დრენაჟი, ტბორები (თევზის მეურნეობები), ენერგეტიკა (ჰესები), ტექნიკური წყლის მიწოდება ერთიანი რეგულირების ჩარჩოში მოექცევა.

დარგში მიმდინარე ცვლილებებსა და ახალი რეგულირების დოკუმენტებზე მუშაობის პროცესის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ნადირაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დღემდე ქვეყანაში, მელიორაციაში 2011 წელს დადგენილი ტარიფი მოქმედებს, რაც მორწყვისას 1 ჰა-ზე 75 ლარით განისაზღვრება. ახალი ტარიფის განსაზღვრისას კი მარეგულირებელი სამი ძირითადი პრინციპით იხელმძღვანელებს, რათა მომხმარებელთა მხრიდან სარწყავ თუ ტექნიკურ წყალზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს. გიგა თევზაძემ ტარიფის დადგენის განსხვავებულ მეთოდოლოგიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ინვესტიციების კომპონენტს არ ითვალისწინებს.

„პირველი - ტარიფმა კომპანიისთვის საჭირო ფინანსური რესურსების გენერირება უნდა უზრუნველყოს, რათა კომპანიამ შეძლოს ოპერირება და იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც ფერმერებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. მორწყვის ტარიფის დადგენის ნაწილში, ენერგეტიკისა და წყლის ტარიფის დადგენისგან განსხვავებით, მარეგულირებელი კომისია ინვესტიციებს არ შეითანხმებს. ზოგადად ტარიფის ხარჯებში როგორც საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯები, ასევე კაპიტალური დანახარჯები მონაწილეობს - ინვესტიციები, არსებული აქტივები და ა.შ. ჩვენ ირიგაციის სექტორისთვის ტარიფს საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯებზე დაყრდნობით დავადგენთ, რაც კომპანიას იმ სისტემების ოპერირების განხორციელებას შეაძლებინებს, რომელსაც თვითონ ფლობს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს სახელმწიფოს მხრიდან როგორც სუბსიდია ისე განხორციელდება, რომელიც სისტემების მდგომარეობას გააუმჯობესებს და ამის გადახდა მომხმარებელს ტვირთად არ დააწვება“, - ამბობს ნადირაძე.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი მელიორაციაში არსებული ტარიფების მსოფლიოში არსებულ გამოცდილებაზეც საფრანგეთის მაგალითზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ტარიფში ინვესტიციები, საოპერაციო ხარჯები და კაპიტალი არ მონაწილეობს.

„საკმაოდ დიდი მასშტაბის სისტემებზე გვაქვს საუბარი, წყალსაცავები, ჰესები და ა.შ. მაგალითისთვის წყალსაცავს მხოლოდ წყლის აკუმულირების და სეზონზე წყლის გამოყენების დანიშნულება არ აქვს, მას პრევენციული ფუნქციაც აქვს, რათა გარკვეული ტერიტორიები არ დაიტბოროს... ამიტომ კომპანიის მხრიდან ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიციები უფრო საზოგადოებრივი სიკეთის ფარგლებშია განხილული და არა კონკრეტულ მომხმარებლებთან მიმართებით“, - ამბობს წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ტარიფის დადგენისას მნიშვნელოვანია თუ რა ფორმით მოხდება მომხმარებლის მხრიდან მისი გადახდა. ამ მხრივ სემეკი 2 ტიპის გადასახადის დაწესებას გეგმავს.

„ტარიფის სტრუქტურა მომხმარებლისთვის წყლის მოხმარების სწორ სიგნალებს უნდა იძლეოდეს. დღეის მდგომარეობით მოქმედი ტარიფი 1 ჰა-ზე 75 ლარია. მიუხედავად იმისა თუ რამდენს მოიხმარს ცალკეული ფერმერი, ის ფიქსირებულად 75 ლარს იხდის. წარმოვიდგინოთ 2 იდენტური ფართის მქონე ფერმერი. ერთ ფერმერს თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული მიღვრის მეთოდით მორწყვისგან განსხვავებით ნაკლებ წყალს მოიხმარს, თუმცა ამ შემთხვევაში დღეს მოქმედი ტარიფის სტრუქტურა, იმის საშუალებას არ იძლევა რომ ნაკლები მოხმარების შემთხვევაში ფერმერმა ნაკლები გადასახადი გადაიხადოს. ჩვენ 2 ტიპის გადასახადის დაწესებას ვაპირებთ ეს იქნება ფიქსირებული იმ მომხმარებლისთვის, სადაც ვერ ხდება გაზომვა თუ რა რაოდენობის წყალი მოიხმარეს, რაც მიღვრით მორწყვის შემთხვევაში ხდება. თუმცა როდესაც ფერმერს შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული აქვს და დანერგილი აქვს წვეთოვანი სისტემები, ამ ტიპის ფერმერებთან მიმართებით ტარიფი კუბურ მეტრზე დადგინდება“, - განმარტავს ნადირაძე, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებს რამდენი იქნება მელიორაციაში დადგენილი ახალი ტარიფი.

წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ თუ დღეს მოქმედი ტარიფები მხოლოდ ირიგაციაში ფერმერებისთვისაა განსაზღვრული, რეგულირების ახალი ჩარჩოს ამოქმედების შემდეგ, წესები მელიორაციის ყველა სექტორზე გავრცელდება, აქედან გამომდინარე გაიზრდება თუ არა ტარიფი ამის თქმა რთულია.

„დღეს მოქმედი ტარიფები მხოლოდ ფერმერებისთვისაა დადგენილი, ვინც მიწებს რწყავს, რაც შეეხება ისეთი კატეგორიის მომხმარებელს, როგორიცაა ჰესები, ტექნიკური წყლის მომხმარებელი სხვადასხვა საწარმოები და ქარხნები და თევზის მეურნეობები, მათთვის ტარიფი დადგენილი არ არის და სახელშეკრულებო ურთიერთობებით რეგულირდება. როდესაც ეს ყველაფერი ჩარჩოში მოექცევა, გვექნება ინფორმაცია მომხმარებლის დანახარჯებისა და მათ მიერ რეალიზებული წყლის მოცულობის შესახებ, საბოლოოდ გაიზრდება თუ არა ტარიფი წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სტრუქტურა ცალსახად შეიცვლება და ორი სახის ფიქსირებული და კუბურ მეტრზე გადასახადი გვექნება“, - ამბობს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ მელიორაციის დარგში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარალელურად ქვეყანაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო) შემუშავებაზეც მუშაობს. საპილოტე პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამგორში ამოქმედდება.